ეროვნული ლიგა: ბრაზილიელის ბრწყინვალე მატჩი - ''ლოკომოტივის'' მეექვსე მარცხი
Aa
Aa

ეროვნული ლიგა: ბრაზილიელის ბრწყინვალე მატჩი - ''ლოკომოტივის'' მეექვსე მარცხი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მერვე ტურის ორი მატჩი გაიმართა. თბილისის ''ლოკომოტივი'' მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე 1:3 დამარცხდა გორის ''დილასთან.'' ლანჩხუთში ''ევგრაფი შევარდნაძეზე'' ''სამტრედიასა'' და ''რუსთავის'' დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

ლეანდრო რიბეიროს გოლები - მეორე დუბლი ''ლოკომოტივთან''

ნეთანიას ''მაქაბიდან'' გორის ''დილაში'' დაბრუნების შემდეგ ლეანდრო რიბეირომ ეროვნულ ლიგაში მეხუთე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი აუტსაიდერ თბილისის ''ლოკომოტივს'' გაუტანა. მიხეილ მესხის სათადარიგო მინდორზე გამართულ შეხვედრაში რიბეირომ მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა. 23 წლის ბრაზილიელმა გაბაძესა და სამურკასოვს გვერდი აუარა და ბრწყინვალე დარტყმით ''დილა'' დააწინაურა. შესვენების შემდეგ 61-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან ''დილას'' მეორე გოლის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. 30-ე წუთზე ფორტესის გოლისას შეტევა რიბერიომ წამოიწყო და მეტოქე მოედნის ცენტრში ეფექტური ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა.

ლეანდროს პირველი გოლი

ლეანდროს მეორე გოლი

 2017 წლის 12 აპრილს ''ლოკომოტივისა'' და გორის ''დილას'' შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. ლეანდრო რიბეირომ ორი გოლი შეაგდო. ბრაზილიელმა ეროვნულ ლიგაში ორივე დუბლი ''ლოკომოტივთან'' შეასრულა.

ალვინ ფორტესი - 8 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი

22 წლის ჰოლანდიელმა ალვინ ფორტესმა 30-ე წუთზე ორამდე გაზარდა სხვაობა. შეტევა რიბერიომ მოედნის ცენტრში დაიწყო, შეტევა რაჟამაშვილმა გააგრძელა და მისი დარტყმა თევდორაძემ მოიგერია. მოგერიებული ბურთი ფორტესმა მიიღო და ზუსტი დარტყმით მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა.


 

რომან ჭანტურიას სადებიუტო გოლი

იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა რომან ჭანტურიამ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გორის ''დილას'' გაუტანა. 22 წლის ფორვარდმა, რომელსაც პორტუგალიასა და იტალიაში უთამაშია, პირველი გოლი მეხუთე შეხვედრაში შეაგდო. საწყის ნახევარ საათში ლეანდრო რიბეიროსა და ალვინ ფორტესის გოლებით ''დილა'' 2:0-ს იგებდა, 38-ე წუთზე კი რომან ჭანტურიამ პენალტის ნიშნულიდან შეამცირა სხვაობა.

 

თერთმეტმეტრიანი ''ლოკოს'' კაპიტანმა დავით უბილავამ გამოიმუშავა. მის წინააღმდეგ თამაშის წესი ფორტისმა დაარღვია.

 

 ''ლოკომოტივი'' გამოკვეთილი აუტსაიდერია

ლაშა ჭაღიაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის ''ლოკომოტივმა'' მე-6 მარცხი განიცადა. ეროვნულ ლიგაში 37 წლის სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ სეზონს ატარებს . მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 8 მატჩიდან მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა. ''ლოკო'' ექვს შეხვედრაში დამარცხდა. ჩემპიონატში ყველაზე მეტი 20 გოლი თბილისურმა გუნდმა გაუშვა. რაც შეეხება გატანილ გოლებს, ამ მაჩვენებლით ჭაღიაშვილის გუნდი ''სამტრედიას,'' ''კოლხეთსა'' და ბოლნისის ''სიონს'' აღემატება. თბილისური გუნდის მსგავსად 8 გოლი შეაგდეს ''ტორპედომ'' და ''რუსთავმა.'' სატურნირო ცხილში ''ლოკომოტივი'' 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

''დილას'' მორიგი გამარჯვება - დარასელიას გუნდი''დინამოს'' გაუთანაბრდა

გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა გორის ''დილამ'' მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი მოიგო. უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ''დილამ'' სამი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ''დილას'' ანგარიშზე 15 ქულაა. ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან თბილისის ''დინამოს,'' რომელიც დღეს აუტსაიდერ ფოთის ''კოლხეთს'' უმასპინძლებს.

თბილისის ლოკომოტივი – გორის დილა 1:3 (1:2)

 26 აპრილი,  “მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი

თბილისის ლოკომოტივი: რევაზ თევდორაძე, გაბაძე, ცნობილაძე, უჩა ლობჟანიძე, უბილავა, ძებნიაური (შონია 64), ოთარ კობახიძე (გვალია 46), სამურკასოვი, გავაშელიშვილი, არველაძე (კიკაბიძე 64), რომან ჭანტურია

 მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გორის დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, ჩადუნელი, ნონდი, სუხიაშვილი, ფორტესი (კოვტალიუკი 46), რაჟამაშვილი, ნონიკაშვილი, ლეანდრო (აშორტია 88), ფანცულაია (კორიფაძე 66)

 მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

 გოლები: 0:1 ლეანდრო (19), 0:2 ფორტესი (30), 1:2 რომან ჭანტურია (38 პენ), 1:3 ლეანდრო (61 პენ)

გაფრთხილებები: გვალია (49), სამურკასოვი (55), კოვტალიუკი (64), რომან ჭანტურია (72), კორიფაძე (82), ბეგაშვილი (90)

მთავარი მსაჯი: პ.მაჭარაძე

 

სამტრედია – რუსთავი 0:0

26 აპრილი,  "ევგრაფი შევარდნაძე"

სამტრედია: მიგინეიშვილი, ჩაჩუა, ქარქუზაშვილი, კერძევაძე, ბაჩიაშვილი, სანია, დაუშვილი, გი, ერისთავი (ხაჩიძე 84), კირკიტაძე, გიორბელიძე (მესიაჩენკო 64)

მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

რუსთავი: რევიშვილი, გეგეჭკორი, ცხოვრებოვი, კვირკველია, ცარიკაევი, პაპავა (კობახიძე 47), გაბულოვი, ციცქიშვილი (ენდელაძე 65), ხადარცევი (ცინცაძე 75), მიქელთაძე, მაქაცარია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

გაფრთხილება: მიქელთაძე(75)

მთავარი მსაჯი: გ.ყრუაშვილი

 

საკამათო ეპიზოდი

''ევგრაფი შევარდნაძის'' სტადიონზე გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. 88-ე წუთზე ''რუსთავის'' მცველმა ლევან გეგეჭკორმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა. დასწრებაზე თამაზ მაქაცარიამ ითამაშა და გოლი გაიტანა, თუმცა მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ''რუსთავის'' შემტევი ხელით თამაშის გამო გააფრთხილა და შესაბამისად გოლი არ ჩათვალა.

 

 

ფოტო: fcloco.ge, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები