ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„მინდა ვიყო ლიდერი, რომელიც თანაგუნდელებს მაგალითს კარგი თამაშით აძლევს“ | ლოჩოშვილის ინტერვიუ

ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნის“ ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართველმა უკანახაზელმა ახალ კლუბზე, „ჰოფენჰაიმთან“ მატჩზე, ქალაქსა და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

ლუკა, გასულ კვირას, 50 000 ფანის წინაშე პირველად ითამაშე. რა შეგრძნება იყო?

„საოცარი გამოცდილება იყო. სტადიონი ძალიან მომეწონა და საოცარი ატმოსფერო სუფევდა. თამაშიც ძალიან საინტერესო გახლდათ და ტრიბუნებიდან სასიამოვნო სანახავი იქნებოდა. თანაც, ვაგებდით და მატჩი შემოვატრიალეთ“.

სხვა გუნდის ფეხბურთელებს „კიოლნთან“ სტუმრად თამაში არ უყვართ, რადგან ფანები ჩვენს კლუბს დიდ უპირატესობას აძლევენ. შაბათს, ქომაგებმა დამატებითი მუხტი მოგცეს?

„ვფიქრობ, „კიოლნის“ წინააღმდეგ თამაში რთულია — განსაკუთრებით ჩვენს სტადიონზე. ფანებმა მეორე ტაიმში მუხტი ნამდვილად მოგვცეს. გაშვებულ გოლებზეც სწორი რეაქცია ჰქონდათ და ეგრევე წინ წასვლისკენ მოგვიწოდეს. ბავშვობაში, როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდით, ასეთი ფანების წინაშე ასპარეზობაზე ვოცნებობდით“.

კინაღამ სადებიუტო გოლი გაიტანე. გვითხარი, რა მოხდა?

„სანტიმეტრები დამაკლდა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ გამეტანა, თუმცა სამი ქულა ბევრად მნიშვნელოვანია. მინდა, სადებიუტო გოლი რაც შეიძლება სწრაფად გავიტანო და იმედია, ეს ჩვენს საშინაო მოედანზე მოხდება. მთელ სტადიონთან ერთად გოლს სიამოვნებით აღვნიშნავ“.

მეორე ნახევარში, ბოლო კაცი იყავი და გადამწყვეტი ვარდნა განახორციელე. ეს გოლის გატანაზე უფრო სასიამოვნოა?

„მცველებისთვის მსგავსი სიტუაციები ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს მატჩის გადამწყვეტ მონაკვეთში მოხდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა და გუნდს დავეხმარე. ასეთი მოქმედებები თავდაჯერებულობას გძენს“.

ეს შენი რეაქციიდანაც აშკარა იყო...

„დიახ, მინდა, ასეთი ვარდნებით ფანები თამაშში ჩავრთო. მინდა, მათ ჩემი ემოციები გადავცე. „კიოლნში“ ბევრის გაკეთება არ არის საჭირო — მაყურებლებს ყველაფერზე რეაქცია აქვთ და ასეთი ვარდნის შემდეგ ეგრევე ადგილებიდან ხტებიან. ეს ძალიან სასიამოვნოა“.

მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარეთ. შესვენებაზე მწვრთნელმა რა გითხრათ?

„მან გვითხრა, რომ კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მატჩის კონტროლი დავკარგეთ. სათანადოდ აგრესიულები არ ვიყავით და მომენტებში ძალიან ღრმად ვიხევდით უკან. შეცდომებს „ჰოფენჰაიმიც“ უშვებდა და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიცოდით, რომ თამაშის შემოსაბრუნებლად საჭირო შანსებს მივიღებდით“.

გასულ სეზონში, „კიოლნს“ მხოლოდ „ბაიერნმა“ გაუსწრო იმ მატჩებში აღებული ქულების რაოდენობით, რომლებშიც გუნდი მარცხდებოდა. „კიოლნი“ არასდროს ნებდება, ამას გრძნობ?

„რა თქმა უნდა! ამ გუნდს სწორი დამოკიდებულება აქვს და ეს იგრძნობა. როდესაც ქომაგები გვერდით გიდგანან, ყველაფერი ბევრად მარტივია. როდესაც რთული მონაკვეთი გაქვს, ისინი მხარს გიჭერენ. თუ ამ მენტალიტეტსა და დამოკიდებულებას შევინარჩუნებთ, ამ სეზონში დიდ სიამოვნებას მივიღებთ“.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა შეგაქო. ლიდერის როლი მოგწონს?

„პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მომწონს. მინდა, ვიყო ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე მაქსიმუმს ტოვებს, აგრესიულია და ემოციებს არ მალავს. იმედი მაქვს, სხვებს შთავაგონებ, რომ იგივე გააკეთონ. თუმცა, თავის მოჩვენებას არ ვაპირებ. მინდა, ვიყო ლიდერი, რომელიც სხვებს მაგალითს თავისი კარგი თამაშით აძლევს“.

საერთო ჯამში, როგორი იყო შენთვის პირველი რამდენიმე კვირა? როგორ მიგიღო გუნდმა?

„გუნდში ძალიან პოზიტიური ატმოსფეროა. უკვე ძალიან დავახლოვდით და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს და მომდევნო კვირებში კიდევ უფრო უკეთ შევთამაშდებით. პირველი ორი გამარჯვება ამაში ნამდვილად გვეხმარება. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ“.

როგორ მოგწონს ქალაქი და ცხოვრება კიოლნში? აქ თავის ისე გრძნობა, როგორც სახლში, მარტივი არ არის.

„ადამიანები ძალიან მეგობრულები და ღია არიან. ყოველთვის, როდესაც ყავის დასალევად მივდივარ, თითქმის სულ თბილად მესალმებიან. ბინაც ვიპოვე, რაც საქმეს კიდევ უფრო აადვილებს. ჯერჯერობით აქ გატარებულ პირველ კვირებზე მხოლოდ პოზიტიურად საუბარი შემიძლია“.

პარასკევს შტუტგარტში მიემგზავრებით. როგორი თამაშის მოლოდინი გაქვს?

„„შტუტგარტი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რაც მათ ბოლო წლებში აჩვენეს. მათი ინდივიდუალური ოსტატობა ძალიან მაღალია. ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები დავრჩეთ და მოედანზე ყველა ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ. თუ ჩვენს თამაშის გეგმას განვახორციელებთ, შტუტგარტში ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იქიდანაც ქულები წამოვიღოთ“.

შეგახსენებთ, რომ „კიოლნისა“ და „შტუტგარტის“ შეხვედრა 4 სექტემბერს არის დანიშნული. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთი ისევ როდრიმ უნდა მოიგოს“ - ხავიერ ტებასი
„ოქროს ბურთი ისევ როდრიმ უნდა მოიგოს“ - ხავიერ ტებასი