„დაცვის ხაზის ლიდერად დაიმკვიდრა თავი“ | გერმანული გამოცემა ლოჩოშვილს აფასებს
გერმანულმა გამოცემამ, T-Online-მა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ „კიოლნს“ სტატია მიუძღვნა და გუნდის შემადგენლობაზე ისაუბრა. ავტორმა ლუკა ლოჩოშვილზეც დაწერა. ქართველმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა.
„ცაცია ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი გუნდს ზაფხულში შეუერთდა და დაცვის ხაზის ლიდერად თავი მყისიერად დაიმკვიდრა. დამაჯერებელმა ქართველმა უკანახაზელმა პირველივე ტურში აჩვენა, „კიოლნისთვის“ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ლოჩოშვილისა და „კიოლნის“ მიერ გაფორმებული კიდევ ორი მარცხენა მცველის წყალობით, გუნდის დაცვა ბევრად სტაბილური გახდა“, — წერს T-Online-ი.
„ჰოფენჰაიმთან“ მატჩის შემდეგ ლოჩოშვილი ავტორიტეტულმა გამოცემამ, BILD-მაც შეაქო. BILD-მა ბუნდესლიგის კლუბების ახალწვეულები შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ტოპ-შენაძენია.
ლოჩოშვილი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს გამართავენ. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „შტუტგარტს“ დაუპირისპირდება, რომელიც პირველ ტურში „ბაიერნთან“ 1:5 განადგურდა. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.