„მისი გაშვება ლოგიკაში არ ჯდება“ | მერსისაიდული პრესა მამარდაშვილზე წერს
გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა, „ლივერპული“ დატოვოს. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი „ნოტინგემ ფორესტის“ რადარზეა. მერსისაიდელებს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ და „ნოტინგემ ფორესტი“ ვითარების შესწავლის ფაზაშია, თუმცა შესაძლოა, ყველაფერი მომდევნო საათებში შეიცვალოს.
„მამარდას“ შესაძლო წასვლაზე მატეო მორეტომ დაწერა და მერსისაიდულ პრესას ეს ინფორმაცია უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მოგვიანებით, „ლივერპულის“ გეგმებზე საშა ტავოლიერიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „წითლები“ „გენკის“ ფეხბურთელით, ლუკა ბრუგმანსით ინტერესდებიან. მერსისაიდელები 18 წლის მეკარეს მამარდაშვილის შემცვლელად მოიაზრებენ და კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.
Liverpool.com-მა და This is Anfield-მა ქართველ მეკარეზე ისაუბრეს და მათი აზრით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებით ადრე, კლუბმა ასეთი გარიგება არ უნდა დადოს.
„ბრუგმანსის ტრანსფერი გუნდს დიდი პოტენციალის მქონე მეკარეს შესძენს, თუმცა სერიოზული ეჭვები გაჩნდება, თუ ის მამარდაშვილის შემცვლელად იქნება გაფორმებული. გასულ სეზონში ალისონს ტრავმები ჰქონდა, რის გამოც მამარდაშვილმა სათამაშო დრო მიიღო. ეს ნიშნავს, რომ თუ საჭიროება გაჩნდება, „ლივერპულის“ მეორე მეკარე ძირითადში დასაწყებად მზად უნდა იყოს. ბრუგმანსი 18 წლისაა და პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ 15 შეხვედრა აქვს გამართული. მისი პოტენციალი აშკარაა, მაგრამ იდეალური შემცვლელი, ალბათ, ჯერ არ არის“, — წერს Liverpool.com-ი.
„სატრანსფერო ფანჯრის ამ ეტაპზე გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მისი გაშვება დიდი სიურპრიზი იქნება, რადგან თავის დროზე „ლივერპულმა“ ის ალისონის შემცვლელად შეიძინა. უფრო მეტიც, მისი იჯარის წესით გაშვებაც უამრავ შეკითხვას გააჩენს. ალისონს ტრავმიანობა ახასიათებს და რატომ უნდა გაუშვა შენი მეორე მეკარე, როდესაც არსებობს სერიოზული რისკი, რომ შენმა პირველმა გოლკიპერმა სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვოს?
ფრედი ვუდმენი „ლივერპულში“ საკულტო გმირად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა, თუმცა ფაქტია, ალისონის სათანადო შემცვლელი არ არის. მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მომავალ ზაფხულს უფრო ლოგიკურია, ვიდრე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებზე!“, — წერს This is Anfield-ი.
ავტორიტეტული ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის მიხედვით, „ლივერპულმა“ „გენკს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა, თუმცა ტრანსფერის შემთხვევაში, „წითლები“ ბრუგმანსს ბელგიაში დატოვებენ და მას „ენფილდზე“ მომდევნო სეზონში გადაიყვანენ. ეს კი ნიშნავს, რომ მამარდაშვილის გაშვება ტრავმისკენ მიდრეკილი ალისონისა და ფრედი ვუდმენის იმედად დარჩენას უდრის.