6-თვიანი აკრძალვა და ჯარიმა - სქოულზს მართვის მოწმობა ჩამოართვეს
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ ფეხბურთელს, პოლ სქოულზს ავტომობილის მართვა ექვსი თვით აეკრძალა მას შემდეგ, რაც ორ დღეში ორი სხვადასხვა საგზაო სამართალდარღვევის საქმეზე გაასამართლეს.
პოლს ერთ-ერთი დარღვევა მარტში ჰქონდა, როდესაც დასავლეთ იორკშირში, კლიკჰიტონში, ღამით Range Rover-ით გადაადგილებისას სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმეს. ავტომობილი 30-მილიან მონაკვეთზე 37 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
მეორე საქმე გასული წლის ნოემბერში მომხდარ ინციდენტს ეხება. სქოულზის სახელზე რეგისტრირებული Mercedes 30-მილიან ზონაში 49 მილი/სთ სიჩქარით დააფიქსირეს. პოლიციამ მას ორი წერილი გაუგზავნა, რომლებშიც სთხოვდა დაედასტურებინა, ვინ მართავდა ავტომობილს, თუმცა პასუხი არ მიუღია. შედეგად, ყოფილი ფეხბურთელი პოლიციის მოთხოვნაზე პასუხის გაუცემლობისთვისაც გაასამართლეს.
ორი საქმე გასულ კვირას, ორ სხვადასხვა დღეს გამართულ სასამართლო სხდომებზე დასრულდა. სქოულზს ექვსი თვით მართვის უფლება ჩამოართვეს, ჯამში კი ჯარიმების, სასამართლო ხარჯებისა და მოსაკრებლების სახით 1 472 ფუნტის გადახდა დაეკისრა.
სასამართლოს წარმომადგენლის ინფორმაციით, სქოულზმა ორივე საქმეზე ბრალი არც აღიარა და არც უარყო და გადაწყვეტილებები მისი დასწრების გარეშე იქნა მიღებული.
სქოულზს სიჩქარის გადაჭარბების პირველი შემთხვევის გამო სიჩქარის ცნობიერების ამაღლების კურსის შეთავაზებაც ვერ მოხერხდა, რადგან მას უკვე ჰქონდა საჯარიმო ქულები და ე.წ. „totter“-ის სტატუსი, რაც გარკვეული რაოდენობის ქულების დაგროვების გამო ავტომატურ დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.