ნახევარდაცვაშიც ძალიან სასარგებლოა | გაგუას ბრწყინვალე სტატისტიკა სეზონის სტარტზე
სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მე-4 ტურში დუნაისკა სტრედამ სტუმრად კომარნოს მოუგო (0:3). გამარჯვებულთა შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო გიორგი გაგუა იყო, რომელმაც 65-ე წუთზე შეაგდო, მისი გოლით ანგარიში 0:2 გახდა. 72-ე წუთზე გაგუას პასით რამადანმა დუბლი შეასრულა.
გაგუამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ცოტნე კაპანაძე თამაშში 37-ე წუთზე ჩაერთო.
Sofascore-მა გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
მატჩის შემდეგ „დუნაისკა სტრედას'' სირიელმა ფორვარდმა ამმარ რამადანმა მედიასთან ისაუბრა, ერთ-ერთი კითხვა გიორგი გაგუას ეხებოდა.
- ძალიან მოგვეწონა თქვენი კომბინაციები გიორგი გაგუასა და მატეი ტრუსასთან. კარგად ეწყობით ერთმანეთს შეტევაში?
- დიახ, ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მართალია, მატეის არ გაუტანია, მაგრამ მისი წვლილი მოედანზე ყოველთვის უდიდესია. თავისი მოძრაობით ის სივრცეებს გითავისუფლებს. გიორგი კი, საკვანძო გადაცემების შესრულების უნარის წყალობით, ნახევარდაცვაშიც ძალიან სასარგებლოა, რაც მან დაამტკიცა კიდეც.
ვეთანხმები, რომ შეტევაში ძალიან კარგად ვკომბინირებდით და დაცვით ფაზაშიც პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ. წინ მივდივართ მატჩიდან მატჩამდე, მართლაც დიდი ამბიციები გვაქვს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გველის.“
მიმდინარე სეზონში გაგუამ სლოვაკეთის ჩემპიონატის 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. კონფერენს ლიგაზე 4 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. საერთო ჯამში, 7 მატჩში 6 საგოლე მოქმედება აქვს, რაც საკმაოდ კარგი სტატისტიკაა.
გასული სეზონიდან მოყოლებული გაგუას პოზიცია შეუცვალეს, ცენტრფორვარდზე იშვიათად თამაშობს, მეტწილად „ათიანზეა'' და შეტევების განვითარებაში მონაწილეობს, საკვანძო პასებს ასრულებს და უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელი გახდა. ამ სეზონში 7-დან 6 მატჩში „ათიანზე'' იყო, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ „ტვენტესთან'' იყო, ის მატჩი ნიდერლანდურმა კლუბმა 6:0 მოიგო.
გაგუას გოლი და საგოლე პასი კომარნოსთან