პსჟ
Aa
Aa

“აქ ყოფნა ბედნიერებაა“ - მიკა გოდტსის პირველი ინტერვიუ

„პარი სენ-ჟერმენმა“ აგვისტოში სატრანსფერო აქტივობის დაჩქარება გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ ლუკა დინისა და მანს აკლიუშის ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა, ამჯერად კი პარიზულმა კლუბმა შაბათს ფერან ტორესისა და მიკა გოდტსის დამატებაც გამოაცხადა.

მიკა გოდტსმა, რომლის ტრანსფერიც გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, კლუბის ტელევიზიასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა. 21 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა „აიაქსიდან“ გადასვლის შემდეგ პარიზულ გრანდთან 2031 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და ახალი გამოწვევით აღფრთოვანებულია.

გოდტსი:

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, ლუის კამპოსსა და ლუის ენრიკეს. მათ დამანახეს, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ჩემი ხილვა სურდათ და ძალიან მიხარია, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მაქვს. როდესაც პსჟ დამიკავშირდა, აღფრთოვანებული ვიყავი! ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. აქ ყოფნა ნამდვილი ბედნიერებაა.

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩს ვუყურებდი. ძალიან ძლიერი გუნდია, ფეხბურთელები ერთად შესანიშნავად თამაშობენ და მოუთმენლად ველოდები, როდის გავხდები ამ გუნდის ნაწილი და ვითამაშებ ასეთ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად.

ვარ ფეხბურთელი, რომელსაც გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება შეუძლია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთებას ამ საოცარ კლუბში, „პარი სენ-ჟერმენში“ შევძლებ. ეს ჩემთვის შესაძლებლობაა, ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ვითამაშო.

დრიბლინგი ძალიან მიყვარს და ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. შემტევი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება მოსწონს. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის დახმარება, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება და გულშემატკივრების გახარებაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მშვიდი ადამიანი ვარ და ოჯახთან ახლოს ყოფნა მიყვარს.

პსჟ ორგზის ევროპის ჩემპიონია. აქ იმისთვის მოვედი, რომ ყოველდღიურად უფრო ძლიერი გავხდე, ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო, ამ გუნდის დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად განვვითარდე და ვისწავლო. და, რა თქმა უნდა, ბევრი ტიტული მოვიგო!“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენს მიკა გოდტსის ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაუჯდა. ასევე შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს გუნდმა რამდენიმე დღის წინ უეფა-ს სუპერ თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. პსჟ შემდეგ მატჩს საფრანგეთის ლიგა 1-ში ლანსის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები