პარი სენ-ჟერმენი ორ ტრანსფერს ხურავს | ფეხბურთელები პარიზში მიფრინავენ
„პარი სენ-ჟერმენი“ ორ ტრანსფერს ხურავს. ლუის ენრიკეს გუნდი ფერან ტორესსა და მიკა გოდტსს იფორმებს. ბოლო საათებში ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა და დეტალებზე დაიწერა.
L’Equipe-ის ჟურნალისტის, ლოიკ ტენზის ცნობით, ფერანმა პარიზში გაფრენაზე თანხმობა მიიღო. ესპანელი თავდამსხმელი საფრანგეთის დედაქალაქში უახლოეს საათებში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. თუ რამე პრობლემა არ გამოვლინდა, ფერანი „პარი სენ-ჟერმენთან“ 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მის სანაცვლოდ „ბარსელონა“ 50 მილიონ ევროს მიიღებს.
რაც შეეხება მეორე ტრანსფერს, საშა ტავოლიერის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „აიაქსს“ შორის ყველაფერი შეთანხმებულია. მიკა გოდტსი „პარკ დე პრენსზე“ გადადის და შაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ნიდერლანდური კლუბი გოდტსის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს მიიღებს და ფერანის მსგავსად, მიკაც 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 16 აგვისტოს გამართავს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საფრანგეთის სუპერ თასზე „ლანსს“ დაუპირისპირდება.