ჯასტინ გეიჯი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ნამდვილი ჯოჯოხეთი გავიარე“ - ხაბიბის ყველაზე რთული ბრძოლა

ხაბიბ ნურმაგომედოვი ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში იმყოფება და ისლამ მახაჩევს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ამზადებს. თუმცა, საწვრთნელი პროცესის ჩატარების პარალელურად, ლეგენდარულ დაღესტნელ მებრძოლს, რომელმაც კარიერა მარცხის გარეშე დაასრულა, მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობებისთვისაც რჩება დრო და შეკითხვაზე, თუ რომელი ბრძოლის მოგება გაუჭირდა ყველაზე მეტად, ხაბიბმა ასეთი პასუხი გასცა:

„ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე რთული დაპირისპირება ბუნებრივია კონორ მაკგრეგორთან მქონდა, მაგრამ ამაზე უფრო რთული იყო ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი. პირველ რიგში იმის გამო, რომ მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა, რამაც ყველაფერი გამირთულა. წარმოიდგინეთ, მოსამზადებელი კემპის გავლა მომიწია იმ ადამიანის გარეშე, რომლის გამოც ამ სპორტით დავკავდი და რომლის გამოც მსურდა ჩემპიონობა.

ამას დაემატა ის ფაქტი, რომ მზადების პერიოდში ტრავმას ტრავმაზე ვიღებდი. გარდა ამისა, არავისთვის არ მქონდა ნათქვამი, რომ ეს ჩემს კარიერაში ბოლო ბრძოლა იქნებოდა, მხოლოდ მე ვიცოდი. ყოველივე ამის გავლა, უზომოდ რთული იყო. როდესაც დავშავდი, მამა კიდევ უფრო მენატრებოდა - ნამდვილი ჯოჯოხეთი გავიარე და მივხვდი, რომ წერტილის დასმის დრო მოვიდა“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჯასტინ გეიჯის შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა 2020 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა და დაღესტნელმა მეტოქე დააფინიშა, რის შემდეგაც კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ხაბიბმა 28 გამარჯვებიდან 8 - ნოკაუტით, 11 - საბმიშენით, 10 კი მსაჯების გადაწყვეტილებით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემიძლია პირველივე რაუნდში გავთიშო, რადგან საუკეთესო ვარ“ - მახაჩევი გარიზე
„შემიძლია პირველივე რაუნდში გავთიშო, რადგან საუკეთესო ვარ“ - მახაჩევი გარიზე