„მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვეღარ ვისაუბრებთ, ძალიან ადრე წახვედი...“
ლეო მესის მამა ხორხე, 8 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმის შემდეგ, ლეო მოედანზე სათამაშოდ აღარ გასულა, მან გაურკვეველი ვადით პაუზა აიღო. დღეს კი, არგენტინელმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც მამას ძალიან ემოციურად დაემშვიდობა.
„მამა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ წახვედი. ვერ ვაცნობიერებ, ან უფრო სწორად, არ მინდა გავაცნობიერო. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვეღარ გნახავ, ვეღარ ვისაუბრებთ. ვიცი, რომ იტანჯებოდი და ასე უკეთესია, მაგრამ ძალიან ადრე წახვედი. წინ კიდევ ბევრი რამ გვქონდა, რითაც ერთად უნდა დავმტკბარიყავით.
ისე ძალიან მთხოვდი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს, და ზუსტად მის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველაზე ცუდად გახდი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ტურნირზე არ იქნებოდი, მაგრამ დედამ მითხრა, რომ უკეთ გახდებოდი და მგზავრობას შეძლებდი. გითხარი, რომ ფინალში გავიდოდით, რათა შენ წამოსვლა შეგძლებოდა. ყოველი მატჩის დასრულებისას შენს შეტყობინებას ველოდი, მაკლდა ის.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საქმე მართლაც ცუდად იყო. მიუხედავად ამისა, ფიქრი არ შემიწყვეტია იმაზე, რომ რაც შეიძლება შორს გავსულიყავით, შენთვის დრო მომეგო, რომ თამაშის ნახვა შეგძლებოდა. ფინალში გავედით, შენ კი იქ ყოფნა ვერ შეძელი. მინდოდა მომეგო, რომ შენთვის მომეტანა და ახალი თასი მეჩვენებინა. ვერ შევძელი. ფეხები მეტს აღარ მემორჩილებოდა. ამჯერად ვცადე საკუთარი სხეულის წინააღმდეგ წავსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. ვერაფრით მოვახერხე, თავი კარგად მეგრძნო.
როცა ჩამოვედი, გეგონა, რომ ფინალი პენალტებში წავაგეთ. ვერაფერზე ვისაუბრეთ, რაც მოხდა. ვეღარაფრით ისიამოვნე. ჩვენ ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ ვისიამოვნეთ თითოეული მატჩით. კიდევ ერთხელ, მართალი იყავი: იქ უნდა ვყოფილიყავი და მეთამაშა.
არ ვიცი, შენ გარეშე რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება. მე მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობდი და ახლა საკმაოდ ბევრი ეჭვი მიჩნდება, გავაგრძელებ თუ არა ამას კიდევ დიდხანს. დასაწყისიდანვე ჩემ გვერდით იყავი. დასასრულამდე კი ასე ცოტაღა იყო დარჩენილი. რატომ ვერ გაძელი კიდევ ცოტა ხანს, რომ ერთად დაგვესრულებინა?
ძალიან მომენატრები, მაგრამ ყოველთვის აქ იქნები. მშვიდად განისვენე და ზემოდან ისე გვიდარაჯე, როგორც ამას აქ, დაბლა აკეთებდი. მადლობა ყველაფრისთვის.
მიყვარხარ, მამა“.
View this post on Instagram