შეთანხმება მიღწეულია - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი გაწვრთნის
თუ ბოლო მომენტში არაფერი შეიცვლება, ბელგიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი მარკ ვან ბომელი გახდება. 49 წლის ნიდერლანდელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და ის კონტრაქტს 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმებს.
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთთან მარცხიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ რუდი გარსიასთან თანამშრომლობა დაასრულა და მისი კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა. ახლა კი მისი შემცვლელის ვინაობაც პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ვან ბომელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დეტალია შესათანხმებელი.
შეთანხმებულია ფინანსური პირობებიც, ასევე სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტების საკითხიც. ცნობილია, რომ შტაბში, სავარაუდოდ, ერთი ბელგიელი სპეციალისტიც იქნება, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ ხმაურდება.
ვან ბომელი თავიდანვე ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი კანდიდატი იყო. მას ტაქტიკურად ძლიერ სპეციალისტად მიიჩნევენ, რაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდებოდა რუდი გარსიას მუშაობის პერიოდში. ასევე, მას ფეხბურთელებთან ურთიერთობის უნარიც ერთ-ერთ ძლიერ მხარედ ეთვლება.
ერთადერთი საკითხი, რომელიც გარკვეულ დისკუსიას იწვევს, ფრანგული ენის არცოდნაა. ბელგიის ფრანგულენოვან ნაწილში ეს შესაძლოა ყველას არ მოეწონოს, თუმცა ნიდერლანდელი სპეციალისტი უკვე გეგმავს ფრანგულის გაუმჯობესებას. უცხო ენების ათვისება მისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან გერმანულს, ინგლისურს, იტალიურსა და ესპანურს თავისუფლად ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუდი გარსია ნიდერლანდურად არ საუბრობდა, თუმცა ეს ბელგიის ნაკრებში პრობლემად არასდროს ქცეულა.
ბელგიაში მარკ ვან ბომელი ყველაზე მეტად „ანტვერპენში“ მუშაობით დაამახსოვრდათ, სადაც კლუბს ისტორიული დუბლი მოაგებინა. 2024 წელს „ანტვერპენის“ დატოვების შემდეგ ის უმუშევარი იყო, რადგან მხოლოდ იმ პროექტის მიღება სურდა, რომელსაც სრულად ენდობოდა. როგორც ჩანს, ასეთ პროექტად მან სწორედ ბელგიის ეროვნული ნაკრები მიიჩნია.q