FIFA-მ ლეანდრო პარედესის წითელი ბარათი გააუქმა
ფიფამ არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის წითელი ბარათი ოქმიდან ამოშალა. არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნული სასჯელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდგომ მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო.
შეხვედრის დასრულებისთანავე, მოედანზე ფეხბურთელებს შორის მასობრივი დაპირისპირება დაიწყო. ჩხუბის ეპიზოდში პარედესმა ჯერ ესპანელ მცველს, ერიკ გარსიას ჰკრა ხელი აგრესიულად, შემდეგ კი ყელში სწვდა. თანაგუნდელის დასაცავად გავი მივიდა, თუმცა „ბოკა ხუნიორსის“ ნახევარმცველმა ისიც მინდორზე დაანარცხა.
როგორც BBC იუწყება, თავდაპირველად ფიფამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა, სლავკო ვინჩიჩმა პარედესი მოედნიდან გააძევა. თუმცა, მოგვიანებით არგენტინელის წითელი ბარათი ოქმიდან გაქრა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში დაადასტურეს, რომ მოთამაშის მიმართ დისციპლინური სანქციები არ გატარებულა.
ცნობისთვის, ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მომხდარ მასობრივ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ კვირას გამართულ ფინალურ მატჩში არგენტინა ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამატებით დროში, მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.