“ფეხბურთმა გაიმარჯვა“ - კროოსი მუნდიალის ფინალზე
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში ირონიული კომენტარი გამოაქვეყნა და სამხრეთამერიკელების სათამაშო სტილი გააკრიტიკა.
ნიუ-იორკში გამართულ ფინალში ესპანეთმა დამატებით დროში 10-კაციანი არგენტინა 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გამარჯვების გოლი 106-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა, ცოტა ხნით ადრე კი ენცო ფერნანდესი მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო მოედნიდან გააძევეს.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში თამაშს სრულად აკონტროლებდა და არგენტინას ძირითადი დროის განმავლობაში კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაარტყმევინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კროოსმა სოციალურ ქსელ X-ზე მოკლე, თუმცა საკმაოდ ხმაურიანი პოსტი გამოაქვეყნა.
„ფეხბურთმა გაიმარჯვა.“
Football won
— Toni Kroos (@ToniKroos) July 19, 2026
ამ ფრაზით გერმანელმა, როგორც არაერთმა გულშემატკივარმა მიიჩნია, ირონიულად მიანიშნა არგენტინის ზედმეტად დაცვით ტაქტიკასა და უხეშ თამაშზე.
დაძაბულობა საბოლოო სასტვენის შემდეგაც გაგრძელდა. ესპანეთის ფეხბურთელების ზეიმის დროს ლეანდრო პარედესი ერიკ გარსიასა და გავის დაუპირისპირდა, რის შემდეგაც სიტუაციის განმუხტვა თავად ლიონელ სკალონის მოუწია, რომელმაც საკუთარი ფეხბურთელი კონფლიქტს განარიდა.
ამ მარცხით არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალის ძირითადი 90 წუთის განმავლობაში კარის მიმართულებით ერთხელაც ვერ დაარტყა.