ოფიციალურად - ჩხეტიანმა მეშახტე ჩაიბარა
ეროვნული ლიგის დებიუტანტმა ტყიბულის „მეშახტემ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი ქართველი სპეციალისტი კახაბერ ჩხეტიანი დანიშნა.
ჩხეტიანი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი მწვრთნელია. სხვადასხვა პერიოდში ის მარტვილის „მერანს“, ქუთაისის „ტორპედოს“, დინამო თბილისს და ფოთის „კოლხეთს“ ხელმძღვანელობდა.
მისი ყველაზე წარმატებული პერიოდი ქუთაისის „ტორპედოს“ უკავშირდება, სადაც 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. ჩხეტიანის ხელმძღვანელობით იმერულმა კლუბმა Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა, ორჯერ საქართველოს თასი და ორჯერ საქართველოს სუპერთასი მოიგო, რითიც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა შექმნა.
ტყიბულურ კლუბში ჩხეტიანმა ლადო ბურდული შეცვალა. ბურდულის ხელმძღვანელობით „მეშახტემ“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა — კლუბმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა ეროვნული ლიგის საგზური და ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დაწინაურდა.