კონფერენს ლიგა ძალიან რეალურია | იბერიას სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიას მეტოქე ბრატისლავის სლოვანია. თუ საქართველოს ჩემპიონი სლოვაკურ ბარიერს დაძლევს, მესამე ეტაპზე შვედეთის ჩემპიონ „მიალბისა'' და გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.
თუ „იბერია'' „სლოვანის'' ბარიერს ვერ დაძლევს, ევროპა ლიგაზე გადაერთვება, სადაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნესა'' და სერბულ „ცრვენა ზვეზდას'' შორის დამარცხებულს შეხვდება. ფავორიტი სერბული კლუბია და თუ „იბერია'' „ლარნეს'' შეხვდება, ანდრეი დემჩენკოს გუნდი ჩრდილოთ ირლანდიის გუნდის დამარცხების შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე თამაშს გაინაღდებს და ევროპა ლიგის ფლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს. მოკლედ, კონფერენს ლიგის ძირითად ფაზაში მოხვედრა საკმაოდ რეალურია.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნემ'' სან მარინოს ჩემპიონი „ტრე ფიორი'' ორივე მატჩში დაამარცხა (0:1, 2:1).
თუ გასულ წლებში „იბერიას'' ევროტურნირებზე გამოსვლასთან პარალელს გავავლებთ, „ლარნე'' უფრო წარმატებული გუნდია, 2024-25 წლების სეზონში კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშა, სადაც ერთი მატჩი მოიგო, შინ ბელგიური „გენტი'' 1:0 დაამარცხა. 2025-26 წლების სეზონში კონფერენს ლიგაზე ორი ეტაპი გაირა, ლატვიური „აუდა'' და კოსოვოს „პრიშტინა'' გამოთიშა, მესამე ეტაპზე პორტუგალიურ „სანტა კლარასთან'' დაპირისპირება დათმო. ასევე გეტყვით, რომ „ლარნე'' ჩრდილოთ ირლანდიის სამზგის ჩემპიონია (2022-23, 2023-24, 2025-26).
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია'' „სლოვანთან'' პირველ მატჩს „მიხეილ მესხზე'' გამართავს. შეხვედრა 21 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი 29 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება.
შეგახსენებთ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიამ'' ესტონეთის ჩემპიონი „ფლორა'' გამოთიშა, პირველი მატჩი სტუმრად 2:3 მოიგო, თბილისური შეხვედრა 2:2 დასრულდა.
„ფლორასთან'' საპასუხო მატჩის შემდეგ „იბერიამ'' გუნდიდან პაატა ღუდუშაურისა და არმელ ზოურის წასვლა დაადასტურა. ანდრეი დემჩენკოს გუნდში ნიდერიელი ახალწვეულია სტეფენ ენდეს სახით, 20 წლის შემტევმა გასული სეზონი აზერბაიჯანულ „საბაჰში'' გაატარა, ქვეყნის ჩემპიონი გახდა, თუმცა აზერბაიჯანის ჩემპიონატის მთელ სეზონში მხოლოდ 150 წუთი ითამაშა.