„ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ...“ - მესის პირველი კომენტარი ფინალში მარცხის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთთან 0:1 მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მიმართა.
რას წერს მესი:
„ტკივილი ძალიან დიდია და ამ ჭრილობის მოშუშებას დრო დასჭირდება. თუმცა, ასევე ვიტოვებ ყველაფერ კარგს... იმ მატჩებს, რომლებიც ბოლომდე დახარჯვის ფასად შემოვაბრუნეთ და რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში; მთელი ქვეყნის მხარდაჭერას, რამაც ამ გუნდის შრომასა და ძალისხმევასთან ერთად განაპირობა ის, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდით მსოფლიოს საუკეთესოებს შორის. დღეს გვიჭირს სათანადოდ დავაფასოთ ის, რაც გავაკეთეთ, მაგრამ ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ორ ფინალში ზედიზედ გავიდა.
მთელი გულით დიდი მადლობა თითოეული კეთილი სურვილისა და შეტყობინებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ შევძელით, რომ გავერთიანებულიყავით როგორც ერთი ქვეყანა, ვყოფილიყავით ერთად და გაგვეზიარებინა არგენტინელობის უდიდესი სიამაყე.
ასევე, მინდა მივულოცო ესპანეთს ჩემპიონობა.“
საგულისხმოა, რომ არგენტინის ნაკრები ბოლო 12 წლის განმავლობაში მესამედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და 2022 წელს მუნდიალის ჩემპიონობა იზეიმა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიონელ მესიმ ნაკრებთან ერთად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.