ეგოიანის გოლი და საგოლე პასი | გაშვებული გოლისას მსაჯის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა
ნიდერლანდურმა „ექსელსიორმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და „ბრედასთან“ ამხანაგური მატჩი 3:1 მოიგო. ანგარიში 22-ე წუთზე „ექსელსიორის“ ქართველმა ნახევარმცველმა, ირაკლი ეგოიანმა გახსნა. 32-ე წუთზე მისი საგოლე პასით ნესტო გროენმა შეაგდო და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ნიდერლანდური გამოცემა Algemeen Dagblad-ი ირაკლისთან დაკავშირებით წერს: „ტაიმის მიწურულს, პეპინ რეულენმა „ბრედას'' შემადგენლობიდან ერთი ბურთი გაქვითა, რამაც ეგოიანის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ის თვლიდა, რომ გოლის წინა ეპიზოდში მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, თუმცა მსაჯმა ეს არ გაიზიარა''.
„ექსელსიორი“ კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს „ჰერაკლესთან“ და „დე გრააფსხაპთან“ გამართავს. 7 აგვისტოს კი, ერედივიზიის 2026-27 წლების სეზონის პირველ ტურში, „ექსელსიორის“ მეტოქე გასვლაზე „კამბიური“ იქნება.
ირაკლის გასულ ორ სეზონში („ვიტესსა“ და „ექსელსიორში“) შთამბეჭდავი პროგრესი ჰქონდა, რაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მიწვევით დაგვირგვინდა. მან სანიოლის გუნდშიც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და თუ პროგრესს გააგრძელებს, ეროვნული ნაკრების ნახევარდაცვაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში ირაკლიმ 31-დან 30 მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მხოლოდ ერთხელ გამოვიდა ცვლილებაზე. 30-დან 26-ში 90 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე პასია. ავტორიტეტულმა გამოცემებმა სიმბოლურ გუნდში რამდენჯერმე შეიყვანეს. ერედივიზიეს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე დაფარული მანძილის რაოდენობით მთელი ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო სამეულში მოხვდა. ეგოიანმა საერთო ჯამში 382 კილომეტრი ირბინა და მასზე კარგი შედეგი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დააფიქსირა - ჯეფ ჰარდეველდმა (384 კმ, ტელსტარი) და გუუს ოფერჰაუსმა (392 კმ, ტელსტარი).