ევროპაში რჩება - სალაჰი კარიერას თურქეთში გააგრძელებს
მოჰამედ სალაჰი კარიერის გაგრძელებას, დიდი ალბათობით, თურქეთში აპირებს. Footmercato-ს ინფორმაციით, 34 წლის ეგვიპტელი თავდამსხმელი ბეშიქთაშთან შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა და უახლოეს პერიოდში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
სალაჰის მომავალი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მისი კონტრაქტი ლივერპულთან დასრულდა. ამასთან, ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მტკივნეული მარცხით დაასრულა – გუნდი არგენტინასთან შეხვედრის 78-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ 2:3 დამარცხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილმა ფეხბურთელმა ბოლო დღეებში საკუთარი მომავალი დეტალურად შეაფასა და არჩევანი სწორედ თურქულ კლუბზე შეაჩერა. ცნობილია, რომ მხარეებმა უკვე შეათანხმეს პირადი კონტრაქტის ძირითადი პირობები.
თუ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, სალაჰი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც დაემატება. კონტრაქტი ერთ წელზე იქნება გათვლილი, თუმცა მასში კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პუნქტიც ჩაიდება.
გასულ სეზონში „ბეშიქთაშმა“ თურქეთის სუპერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა, რისი წყალობითაც მომდევნო სეზონში უეფას ევროპა ლიგაზე ითამაშებს. სტამბოლურ კლუბში სალაჰს რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელიც დახვდება, მათ შორის ლეანდრო ტროსარი, რომლის ტრანსფერიც ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ეგვიპტელი ვარსკვლავის სახელს კანზას სიტისთანაც უკავშირებდნენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, სალაჰი კარიერის ახალ ეტაპს სწორედ თურქეთში დაიწყებს.