ფულის გათეთრების საქმე - პარიზში სამირ ნასრი დააკავეს
„არსენალის“, „მანჩესტერ სიტისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ პარიზში დააკავეს.
Le Parisien-ის ინფორმაციით, გამოძიება 39 წლის ექსფეხბურთელს ნარკომოვაჭრეთა საერთაშორისო ქსელთან კავშირებს ედავება.
გამოძიების მთავარი ინტერესი პატიმრობაში მყოფი მარსელელი ნარკომოვაჭრე კარიმ ბერებუჰი და მის მიერ შექმნილი ფულის გათეთრების სქემაა, რომელსაც ოლივიე საბაჰი ხელმძღვანელობს.
ნასრი საქმეში ღამის კლუბ XS-ის გამო ფიგურირებს, რომლის მეწილე და ყოფილი მენეჯერიც ფრანგი ექსფეხბურთელია. გამომძიებლები იკვლევენ, ხომ არ გამოიყენებოდა აღნიშნული ღამის კლუბი ბერებუჰის კრიმინალური ქსელიდან მიღებული ფულის გასათეთრებლად. ნასრიმ პატიმრობაში დაახლოებით 10 საათი გაატარა. ამ ეტაპზე მას არანაირი ბრალი არ წარედგინა.
გარდა ამისა, საფრანგეთის საგადასახადო ორგანოები ნასრის რეალური საცხოვრებლის დადგენას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ნასრი გადასახადების გადამხდელად დუბაიშია რეგისტრირებული, სადაც საშემოსავლო გადასახადი არ არსებობს, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სინამდვილეში პარიზში ცხოვრობს. გამოძიების მასალებში არსებობს საკვების 200-ზე მეტი შეკვეთა, რომელიც ნასრიმ ერთ-ერთი ფრანგული აპლიკაციის საშუალებით განახორციელა.