დონალდ ტრამპი, ფოლარინ ბალოგუნი
Aa
Aa

„სპორტში კარგად ვერკვევი, არ ვიცოდი წითელი რას ნიშნავდა“ | ტრამპი ბალოგუნის ეპიზოდზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის ეპიზოდს გამოეხმაურა. ტრამპმა განაცხადა, რომ FIFA-ს ნამდვილად დაუკავშირდა და მომენტის გადახედვა მოითხოვა. მან ისიც აღნიშნა, რომ სპორტში კარგად ერკვევა, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, ფეხბურთში წითელი ბარათი რას ნიშნავს.

„სპორტი ძალიან კარგად მესმის, ძალიან კარგად ვერკვევი. ამ ეპიზოდში ჯარიმა არ ყოფილა, წესების დარღვევასაც არ ჰქონია ადგილი. ორი ფეხბურთელი, რომლებიც სრულ სისწრაფეზე მირბოდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ.

ორი მაგარი სპორტსმენი ერთმანეთს დაეჯახა, მსაჯი კი საეჭვო პირი აღმოჩნდა. მისი წარსული შეამოწმეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა. შემიძლია, მის წარსულზე ინფორმაციაც მოგაწოდოთ. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა. ჩვენს მეტოქესაც არ სჯეროდა და ისინი ამბობდნენ: „ვაუ, ძალიან გაგვიმართლა“.

არ ვიცოდი, რომ მსაჯებს მომენტის გადამოწმებისას შენელებულ კადრებს არ აჩვენებდნენ. უფლება არ აქვთ, შენელებული კადრები აჩვენონ, რადგან შეიძლება დაინახო რაღაც, რაც ნორმალურ სიჩქარეზე უბრალოდ ორი ფეხბურთელის შეჯახებაა. რეალურად სწორედ ეს მოხდა, ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ.

ბალოგუნს არაფერი არასწორი არ გაუკეთებია. ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილადაა და მას წითელი ბარათი უჩვენეს. არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა. არ მეგონა, რომ რამე სერიოზული იყო, შემდეგ კი გავიგე, რომ ამის გამო მომდევნო მატჩს გამოტოვებდა.

შეიძლება ფეხბურთელი იმავე თამაშში დასაჯო, მაგრამ როგორ შეიძლება, მომდევნო შეხვედრისთვისაც დასაჯო? შეხვედრისთვის, რომელიც ჯერ არ გაუმართავს. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. დიახ, FIFA-ს მომენტის გადამოწმება ვთხოვე. ვესაუბრე ადამიანს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ და ეს გადაწყვეტილება ჩემი დამსახურებით მიიღეს. ბაიდენს კი არ გაუკეთებია ეს, მას ეძინა“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მომდევნო მეტოქე ბელგიაა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დაუპირისპირდება. მათი მატჩი 7 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება. ბალოგუნს ეს შეხვედრა უნდა გამოეტივებინა, მაგრამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიღებული წითელი ბარათით განპირობებული დისკვალიფიკაცია მას პირობითი სასჯელით ჩაუნაცვლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი საბერძნეთში? - გიორგი ორი კლუბის რადარზეა
ქოჩორაშვილი საბერძნეთში? - გიორგი ორი კლუბის რადარზეა