მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სამი გოლი მეორე ტაიმში | ეგვიპტეს უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გამარჯვება

მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის მეორე ტურში ახალი ზელანდია ეგვიპტეს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და მატჩი ეგვიპტელთა ისტორიული გამარჯვებით დასრულდა — 3:1.

თამაშის პირველი გოლი მე-15 წუთზე გავიდა. ტიმ პეინის კუთხურის შემდეგ „ფარაონებმა“ დაცვაში ცუდად ითამაშეს, ფინ სერმენი უყურადღებოდ დატოვეს და ახალი ზელანდიის 22 წლის ცენტრალურმა მცველმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში ეგვიპტეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა და საწყისი 45 წუთი ახალმა ზელანდიამ მოიგო.

„ფარაონებმა“ მეორე ნახევარი უკეთესად დაიწყეს და მოჰამედ სალაჰს წონასწორობის აღდგენა შეეძლო, თუმცა მაქს კროკომბმა აჯობა. ეგვიპტემ მიზანს მაინც მიაღწია და 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. აფრიკელთა მხრიდან მოსტაფა ზიკო გამოირჩა, რომელმაც თავით გაიტანა — 1:1.

გოლის შემდეგ ეგვიპტე დიდ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და 68-ე წუთზე სალაჰის ჯერი დადგა. მან ზიკოსთან კომბინაცია გაითამაშა, მიმდინარე მსოფლიოზე პირველი ბურთი შეაგდო და „ფარაონები“ დააწინაურა — 2:1.

82-ე წუთზე სალაჰმა საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ტრეზეგემ ბრწყინვალედ ითამაშა და საკუთარ გუნდს კომფორტული უპირატესობა მოუპოვა — 3:1.

დარჩენილ დროში ახალ ზელანდიას მომენტები ჰქონდა, მაგრამ ეგვიპტელთა მეკარეს, უფა შობეირს ვერ აჯობა და ბოლო ტურის წინ რთულ მდგომარეობაშია. ეგვიპტემ მსოფლიო ჩემპიონატზე, საკუთარ ისტორიაში პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით ჯგუფის ლიდერია, მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ ბელგიასა და ირანს 2-2 ქულა აქვთ, ხოლო ახალი ზელანდია 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა. მესამე ტურში ბელგია ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ირანი — ეგვიპტეს.

სხვათა შორის, აქამდე ეგვიპტეს მუნდიალებზე 8 მატჩი ჰქონდა გამართული — 3 ფრე, 5 წაგება. „ფარაონებმა“ მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში სამი გოლიც პირველად გაიტანეს. ეგვიპტემ პირველად მუნდიალზე 1934 წელს ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ილიამ ქამარი დაიბრუნოს, გეიჯიმ კი ძალიან გამაკვირვა“ - ლევან ჩოხელი
„მინდა, ილიამ ქამარი დაიბრუნოს, გეიჯიმ კი ძალიან გამაკვირვა“ - ლევან ჩოხელი