„როდესაც ანგარიში თანაბარი იყო, ბიჭებს ეს სიტყვები ვუთხარი“ - მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს
Aa
Aa

„როდესაც ანგარიში თანაბარი იყო, ბიჭებს ეს სიტყვები ვუთხარი“ - მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს

2002 წელს სამხრეთ კორეის ნაკრებმა მუნდიალების ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და მეოთხე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ აზიელები ასე შორს აღარ გასულან, თუმცა აშკარად იგრძნობა მათი მეთოდური, მიზანმიმართული მუშაობა, რის გამოც ხელწამოსაკრავ მეტოქედ პლანეტის არც ერთ პირველობაზე არავისთვის აღარ ითვლებიან. ამის დასტური გახლავთ რამდენიმე საათის წინ დასრულებული A ჯგუფის I ტურის მატჩი, სადაც კორეელებმა ჩეხეთის გუნდს 2:1 აჯობეს. შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ჰონგ-მიუნგ ბო

ეს ტურნირზე ჩვენი პირველი თამაში იყო, რომელიც როგორც ველოდი ძალიან რთული გამოდგა. გამარჯვებამ რა თქმა უნდა გამახარა, თუმცა უფრო მეტად გახარებული იმ ფაქტის გამო დავრჩი, რომ ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები არ გატყდნენ და სიტუაცია გამოასწორეს. ვიცოდი, რომ მოგება შეგვეძლო, რის გამოც როდესაც ანგარიში თანაბარი იყო, ბიჭებს ვუთხარი, მშვიდად ჩვეულ სტილში გაეგრძელებინათ ასპარეზობა და მიზანს აუცილებლად მიაღწევდნენ.

მიროსლავ კუბეკი

ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეგვეძლო მატჩი ფრედ დაგვესრულებინა, თუმცა საერთო ჯამში სამი ქულა უკეთესმა გუნდმა მოიპოვა. გული უფრო მეტად ჩემი ფეხბურთელების მიერ დაშვებულ რამდენიმე შეცდომაზე მწყდება - უფრო ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, სულ სხვა შედეგს მივიღებდით.

ცნობისათვის, ამ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰონგ მინ სონმა კარიერაში მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, რითაც გუნდის ისტორიაში ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჰონგ-მიუნგ ბოს რეკორდი გაიმეორა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტურად დაიწყეს - სამხრეთ კორეის ლამაზი ფეხბურთი და დამარცხებული ჩეხეთი
ეფექტურად დაიწყეს - სამხრეთ კორეის ლამაზი ფეხბურთი და დამარცხებული ჩეხეთი