გოლს პლუს ასისტი - MVP-ის დამსახურებული ჯილდო
სამხრეთ კორეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა და ჩეხეთის ეროვნული გუნდი სრულიად დამსახურებულად, 2:1 დაამარცხა. რამდენად შეძლებენ, ჰონგ მიუნგ-ბოს შეგირდები ტურნირის ასეთივე ნოტაზე გაგრძელებას, მალე გამოჩნდება. იქამდე კი მათი წარმატებით თანამემამულეები უზომოდ ბედნიერნი არიან.
აზიელების გამარჯვებაში ლომის წილი ჰვანგ-ინ ბეომმა შეიტანა, რომელიც სრულიად დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. „ფეიენოორდის“ 29 წლის ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მაშინ, როდესაც მის გუნდს ყველაზე მეტად გაუჭირდა, თამაში საკუთარ თავზე აიღო და ჯერ 67-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-80 წუთზე გამარჯვების გოლის ავტორ ოჰ ჰიეონ-გიუს ასისტენტად მოევლინა.
ცნობისათვის, ჰვანგ-ინ ბეომი 2020-2022 წლებში ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშობდა, მისი თანაგუნდელი ნაკრებში ლი კანგ-ინი კი ხვიჩასთან ერთად ახლა „პარი სენ-ჟერმენში“ ასპარეზობს.