აშშ-ში შესვლა შეეძლებათ | Reuters-ის მიხედვით, ირანის ფეხბურთელებზე ვიზები გაიცა
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პარასკევს Reuters-ს განუცხადა, რომ ირანის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესასვლელი ვიზები მიეცათ. ირანის ელჩმა მექსიკაში, აბოლფაზლ პასანდიდეჰმა, ხუთშაბათს გვიან საღამოს განაცხადა, რომ გუნდს აშშ-ის ვიზები ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული, თუმცა თეთრი სახლის ოფიციალური პირის თქმით, ისინი ღამის განმავლობაში გაიცა.
სავიზო პრობლემებისა და ირანში არსებული განწყობის გამო, რომ გუნდის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნა მინიმუმამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი, თეირანმა ბოლო მომენტში მოაგვარა ნაკრების ბაზის არიზონადან მექსიკაში, ტიხუანაში გადატანა. გეგმის მიხედვით, ისინი ტიხუანაში კვირას, დილით ადრე უნდა დაეშვან.
ვიზების გაცემის მიუხედავად, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ არ მისცემს ირანს უფლებას, მსოფლიო ჩემპიონატის დელეგაციაში შეიყვანოს პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“. ეს შესაძლოა შეეხოს ირანის ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური ამ დაჯგუფებაში გაიარეს.
ცნობისთვის, ირანის ნაკრები G ჯგუფის პირველ მატჩს 15 ივნისს, ლოს-ანჯელესში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს. ასევე, ისინი დაუპირისპირდებიან ბელგიას, რის შემდეგაც სიეტლში ეგვიპტეს შეხვდებიან.