The Telegraph: ფეხბურთელი, რომელზეც პერესი საუბრობს, ოლისეა
ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში 150 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს, მაიკლ ოლისეა. ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს.
როგორც ცნობილია, პერესმა ინტერვიუში საჯაროდ განაცხადა, რომ ეს ფეხბურთელი ოლისე არაა, The Telegraph-ი წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საუბარი სწორედ „ბაიერნის“ ფრანგ გარემარბზეა. გერმანიის თასის ფინალში ოლისეს თამაშის საყურებლად ტრიბუნებზე ჟოზე მოურინიოც იმყოფებოდა, რის შემდეგაც „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა განაცხადა, რომ „მოურინიოს შეუძლია, ოლისეს ხუთი თვალით უყუროს, თუმცა ფრანგი გარემარბი მაინც არ იყიდება“.
ესპანური AS-ი, რომელიც „რეალთან“ დაახლოებულ გამოცემად ითვლება, სამ სავარაუდო ვარიანტს ასახელებს: მაიკლ ოლისე და პსჟ-ს ნახევარმცველები ჟოაო ნევეში და ვიტინია.
ასეთივე პროგნოზი აქვს ესპანურ Marca-ს. მისი ცნობით, ფლორენტინო პერესისა და ნასერ ალ-ხელაიფის ურთიერთობა მას შემდეგ დასტაბილურდა, რაც „რეალმა“ სუპერლიგის პროექტი დატოვა. ახლა კი ფლორენტინოს ვიტინიას აგენტ ჟორჟე მენდეშთან არსებული კარგი ურთიერთობების გამოყენება სურს. ნევეშის ან ვიტინიას ტრანსფერს ხელი შეიძლება შეუწყოს იმ ფაქტმაც, რომ ლუის ენრიკე არ ეწინააღმდეგება იმ ფეხბურთელის გაყიდვას, რომელიც თავად გამოთქვამს პარიზული კლუბის დატოვების სურვილს.
ესპანური COPE-ს ცნობით, ნევეში და ვიტინია ხელშეუხებლები არიან და მათთან დაკავშირებით პსჟ რომელიმე კლუბთან მოლაპარაკებებში ჩართვას არც კი აპირებს.
ცნობისთვის, ფლორენტინო პერესის კონკურენტი ენრიკე რიკელმე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპის დანიშვნის პირობას დებს და აცხადებს, რომ „სამეფო კლუბში“ როდრისა და ერლინგ ჰოლანდს მიიყვანს. აქვე გეტყვით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები „რეალში“ 7 ივნისს გაიმართება.