დინამოს პირველი ახალწვეული | ქეცბაიამ გუნდი ფრანგი შემტევით გააძლიერა
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ დინამო თბილისს 29 წლის ფრანგი მარცხენა გარემარბი მაქსიმ დო კოუტუ შეუერთდა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
საფრანგეთის 18 და 19-წლამდე ნაკრებების ყოფილი წევრია. Transfermarkt-ის მონაცემებით, 19-წლამდე ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი ესპანეთს შეუგდო.
საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის ახალწვეულს საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ტურის, სოშოსა და ამიენის რიგებში საერთო ჯამში ლიგა 2-ის 95 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 7 საგოლე პასი შეასრულა.
საქართველოში ჩამოსვლამდე 2025-26 წლების სეზონი კვიპროსზე გაატარა, კრასავას რიგებში 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
Transfermarkt-ის შეფასებით, 2021 წელს ფეხბურთელის ღირებულება მილიონი ევრო იყო, ახლა კი 450 000 ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, ხუთ მაისს, როცა დინამომ ლიდერი იბერია 2:0 დაამარცხა, თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდი გაძლიერებას საჭიროებდა: „მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და 2-3 ფეხბურთელის დამატება მაინც დაგვჭირდება. მიხარია, რომ კარგი თამაშები მოვიგეთ, მათ შორის ლიდერებთან. იბერიასთანაც რთული თამაში გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ მატჩების მოგებას ვიმსახურებდით. წარმატებული სერია ბიჭების დამსახურებაა და იმედია, ასეც გაგრძელდება. მთავარია სწორი ვარჯიში, საქმისადმი მიდგომა, ჟინი და ბრძოლა, რომლის გარეშეც წარმატებას ვერავინ მიაღწევს. მადლობა გულშემატკივრებს, რადგან ხალხის ინტერესი გაიზარდა და იბერიასთან საკმაოდ ბევრი ადამიანი (6-7 ათასი) მოვიდა. თბილისში მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს და წესით, ეროვნულ ლიგაზე დინამოს მატჩებზე მეტიც უნდა დადიოდეს“.