მისი შრომა და თავდადება დასაფასებელია | სანიოლმა იეგოიანზე ისაუბრა
ბაჰრეინთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა ირაკლი იეგოიანს ეხებოდა, რომელმაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, თუმცა სანიოლმა მარტის ამხანაგურ მატჩებში არ გამოიძახა, სიაში პირველად ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის შეიყვანა.
ვილი სანიოლი: „მოგეხსენაბათ, იეგოიანს დიდი ხანია ვაკვირდებით. გასულ წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი მისთვის საკმაოდ რთული იყო. დეკემბერში მისი ნაკრებში გამოძახების საკითხი დადგა, კლუბში რეგულარული სათამაშო დრო აქვს. განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ახალგაზრდულ ნაკრებს დახმარებოდა, სტაბილურად ეთამაშა.
რუმინეთთან კარგად ჩაერთო, დღესაც ბევრი იშრომა, მშვენიერი საფუძველი შექმნა იმისთვის, რომ სექტემბერში გამოვიძახოთ. მისი შრომა და თავდადება დასაფასებელია. იმედი მაქვს, სექტემბერში კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება’’.
სანიოლმა ექსელსიორის ქართველ შემტევზე ივნისის შეკრების დაწყებამდეც ისაუბრა: „ინტენსიურ თამაშში ძალიან კარგად მონაწილეობს, ძალიან სტაბილური სეზონი ჰქონდა, მას კარგა ხანია ეროვნული ნაკრებისთვის მოვიაზრებთ, წლის დასაწყისში ვიცოდით, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშე გახდებოდა. მას შეუძლია თამაშში გარდატეხა შეიტანოს და ასეთი მოთამაშე გვჭირდება. უახლოეს შეხვედრებში დრო მიეცემა და დარწმუნებული ვარ გარკვეული დროის შემდეგ ეროვნული ნაკრების წარმატებაში წვლილს შეიტანს”.
იეგოიანი რუმინეთთან ცვლილებაზე გამოვიდა, სადებიუტო მატჩში შესანიშნავად ითამაშა, ბაჰრეინთან კი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 71-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ შეცვალა.
2025-26 წლების სეზონი იეგოიანისთვის დიდი მნიშვნელობის იყო, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა, თითქმის ყველაზე მატჩში სასტარტოში იყო და მისი საგოლე მოქმედებები გუნდს ელიტაში დარჩენაში დაეხმარა. ამასთან ერთად, 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა და სეზონის დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
ნიდერლანდების ჩემპიონატში ირაკლიმ 31-დან 30 მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მხოლოდ ერთხელ გამოვიდა ცვლილებაზე. 30-დან 26-ში 90 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე პასია. ავტორიტეტულმა გამოცემებმა სიმბოლურ გუნდში რამდენჯერმე შეიყვანეს.
ერედივიზიეს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე დაფარული მანძილის რაოდენობით მთელი ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო სამეულში მოხვდა (2025-26 წლების სეზონი იგულისხმება). იეგოიანმა საერთო ჯამში 382 კილომეტრი ირბინა და მასზე კარგი შედეგი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დააფიქსირა - ჯეფ ჰარდეველდმა (384 კმ, ტელსტარი) და გუუს ოფერჰაუსმა (392 კმ, ტელსტარი).