მუნდიალი Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გარეშე - კითხვის ნიშნები ლეგიონერების ხარისხზე
2004 წლის შემდეგ საქართველოს არც ერთი საფეხბურთო კლუბი არც ერთი ევროტურნირის ფინალურ ეტაპზე არ გასულა. წარუმატებლობის მთავარ მიზეზად კი, საქმისადმი არასწორი მიდგომის გარდა, Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელების დაბალ კვალიფიკაციას ასახელებენ, რის კიდევ ერთ დასტურსაც ახლახანს ჰქონდა ადგილი. 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საბოლოო შემადგენლობა გამოაქვეყნა და ჩვენდა სამწუხაროდ როგორც გაირკვა, მუნდიალზე Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე არც ერთი ფეხბურთელი არ იქნება.
ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10 კლუბში 74 უცხოელი ფეხბურთელი ასპარეზობს, საიდანაც პლანეტის მთავარ საფეხბურთო ფორუმზე თეორიულად მოხვედრა 51 მათგანს შეეძლო, 23 ლეგიონერის ქვეყნის ნაკრები კი მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ Crystalbet ეროვნული ლიგა საკმაოდ ინტერნაციონალური ტურნირია და საერთო ჯამში 26 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს. ყველაზე მეტი 21 მოთამაშე ბრაზილიიდან არის, განას 9 წარმომადგენელი ჰყავს, 6 ფეხბურთელი კი უკრაინიდან არის ჩამოსული. საქართველოს პირველობაზე 3-3 მოთამაშე არის კოტ დ’ივუარიდან, პორტუგალიიდან, ბოსნიიდან, გამბიიდან და რუსეთიდან. 2 ფეხბურთელი ასპარეზობს სერბეთიდან, ხორვატიიდან, გვინეა-ბისაუდან და საფრანგეთიდან, ხოლო ლუქსემბურგს, გერმანიას, არგენტინას, იაპონიას, ინგლისს, მოლდოვას, ალბანეთს, სიერა ლეონეს, სამხრეთ აფრიკას, ბურკინა ფასოს, ნიგერიას, კონგოს, სენეგალს, კანადასა და გვინეას თითო წარმომადგენელი ჰყავს.
ბრაზილიის ნაკრებში არსებული უდიდესი კონკურენციიდან გამომდინარე გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ Crystalbet ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე 21 ბრაზილიელიდან სელესაოში მიწვევის პატივი ვერც ერთმა ვერ დაიმსახურა. ჩვენი დონის ჩემპიონატებში ძირითადად მეორე კი არა, ხანდახან მესამეხარისხოვანი ბრაზილიელებიც მოდიან, რომელთა 90 პროცენტიც კარიერას ისე ასრულებს, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის ოცნებას ვერ ისრულებს. 23 წლის ლუკას კაფეს „იბერიაში“ ასპარეზობის საშუალება იშვიათად ეძლევა, 13 მატჩიდან 8 შემთხვევაში ცვლილებაზე შევიდა და ერთი ბურთი გაიტანა. იგივე პრობლემის წინაშე დგას 26 წლის ვარლეი და სილვა (13 მატჩი, 4 ძირითადში) „ტორპედოში“. სამაგიეროდ, მისი თანამემამულე ფელიპე პირესი დირკ შუსტერის მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს 16 თამაშიდან 14 ძირითადში დაიწყო და 3 გოლით გამოიჩინა თავი. გია ცეცაძის მომზადებული „რუსთავის“ ერთ-ერთი ლიდერია ჟან სოუზა დე ალმეიდა, რომლის ანგარიშზეც 5 გოლია, დავიდ ოლივეირას და ჯექსონ კენიოს კი შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. მატჩების სანახევრო რაოდენობაა „დინამო თბილისში“ ლეონარდუ სანტუშის (13-დან 6-ჯერ ძირითადში) ანგარიშზე. „დილას“ ღირსებას დიდი ხანია იცავს ჟოაუ არაუჟო, ხოლო ტყიბულის „მეშახტეში“ ერიკ პიმენტელი და რაფაელ ლიმა გამოდიან.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაზე დიდი დესანტი ბრაზილიელებს „სამგურალში“ ჰყავთ - წყალტუბოს კლუბში ექვსი ბრაზილიელია და თითოეულს რეგულარული სათამაშო დრო ეძლევა, გუნდის მიერ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში გატანილი 20 გოლიდან კი 13 სწორედ ბრაზილიელების ანგარიშზეა. პაბულუ რიანის (15 მატჩი, 1 გოლი), ველისოლის (16 მატჩი, 6 გოლი), ვინისიუსის (16 მატჩი, 1 გოლი), ჟან კარლოსის (14 მატჩი), კლაუდიო სებოლინიასა (16 მატჩი, 5 გოლი, 2 საგოლე პასი) და ჯეფერსონ ჯერალდოს (11 მატჩი) გარეშე წლევანდელი „სამგურალის“ წარმოდგენა შეუძლებელია.
ოთხი ბრაზილიელია „გაგრაში“ და როგორც აუგუსტო პორფირიოს (16 მატჩი) და პედრო ბორჟესს (9 მატჩი, 1 საგოლე პასი), ასევე ვანდერსონ სილვასა (16 მატჩი, 5 საგოლე პასი), კლაუდინეის (16 მატჩი) მთავარი მწვრთნელი ჟელკო ლიუბენოვიჩი დიდ ნდობას უცხადებს.
ბრაზილიის ნაკრების დამრიგებლისგან კარლო ანჩელოტისგან განსხვავებით, კარლუშ კეირუშს განის ნაკრების საბოლოო განაცხადის დაკომპლექტების დროს გაცილებით მწირი არჩევანი ჰქონდა, რის გამოც არსებობდა იმედი, რომ მის რჩეულთა შორის Crystalbet ეროვნულ ლიგაში მოთამაშე 9 ფეხბურთელიდან რომელიმე მაინც მოხვდებოდა, თუმცა სამწუხაროდ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა მათ სამსახურზე უარი თქვა. ცხრა განელიდან სამი „რუსთავში“ ასპარეზობს და თუ პრინს ოსეისა (15 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასი) და სოლომონ კესის (16 მატჩი, 2 გოლი, 2 საგოლე პასი) გია ცეცაძე ნდობას ხშირად უცხადებს, ბილი ჯიბრილმა 9 თამაშიდან მხოლოდ ერთი დაიწყო ძირითადში. განსაკუთრებით თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ განელი ფეხბურთელები ნანა კოფი დონკორი (13 მატჩი, 3 გოლი) და ბარნს ოსეი (14 მატჩი, 1 საგოლე პასი) „დინამო თბილისის“ ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან და როგორც ერთს, ასევე მეორეს მუნდიალზე მოხვედრის იმედი აუცილებლად ექნებოდა. მაინცდამაინც სახარბიელო სტატისტიკა არ აქვთ ბლანკსონ ანოფის (12 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე პასი) და ემანუელ ბოანსის (8 მატჩი) გორის „დილაში“, „გაგრას“ ფორვარდს რიჩმონდ ადეიეს (4 მატჩი) კი ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე ამბიცია ვერ ექნებოდა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბებიდან სახელოვანი ლეგიონერების ჩამოყვანით „ტორპედო“ გამოირჩეოდა, თუმცა ალბათ არავის გაუკვირდება თუ გეტყვით, რომ ამ გუნდის ორი ხორვატი მოთამაშე ზლატკო დალიჩის საბოლოო სიაში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მატეომ, შიმიჩმაც (2 გოლი, 1 ასისტი) და ითრაქმაც (2 ასისტი) განვლილ თექვსმეტივე ტურში იასპარეზა, როგორც ჩანს ისინი მუნდიალის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ქუთაისელთა გერმანელ ლეგიონერს მოჰამედ შერიფს კი ბუნდესნაკრებში მოხვედრაზე პრეტენზია ნაკლებად უნდა ჰქონოდა.
ყველაზე მეტად თუ რომელიმე ქვეყნის ნაკრებში ველოდებოდით Crystalbet ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელის მუნდიალზე მოხვედრას, ეს პირველ რიგში კოტ დ’ივუარი გახლდათ, რადგან არმელ ზოური (13 მატჩი, 1 საგოლე პასი) „იბერიას“ დაცვის, ხოლო აბდულაიე იორო (13 მატჩი, 4 გოლი) „დინამოს“ შეტევის გამორჩეული ფიგურაა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ემერს ფაემ ორივე მათგანის სამსახურზე უარი თქვა. კოტ დ’ივუარელთა ეროვნულ გუნდში ასევე არ მოიძებნა ადგილი კლოდ კუაკუსთვის, რომლის აქტივშიც „დილას“ რიგებში 6 მატჩია.
მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ პორტუგალიელები, „ტორპედოელი“ ჟორჟინიო (არც ერთი მატჩი) და „დინამოელები“ როდრიგო რამუში (11 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე) და რუი მონტეირუ (13 მატჩი, 3 გოლი). არ გამოიძახეს ასევე Crystalbet ეროვნული ლიგის ბოსნიელები ნუმან კურდიჩი (დინამო თბილისი, 12 მატჩი, 1 გოლი), ვლადიმირ არსიჩი (13 მატჩი, 1 გოლი) და ტარიკ შიკალო (მეშახტე, 7 მატჩი, 1 საგოლე პასი). პლანეტის უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასევე ვერ ვიხილავთ არგენტინელ კევინ სეიხასს (რუსთავი, 13 მატჩი, 2 საგოლე პასი), იაპონელ იუტა ნაკანოს (რუსთავი, 14 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე პასი), ინგლისელ ჯოშ ონომას (დინამო თბილისი, 4 მატჩი), სამხრეთ აფრიკელ სიენდა მატენჯვას (სპაერი, 14 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე პასი), კონგოელ რომარიკ ეტოუს (დილა, 14 მატჩი), სენეგალელ ალიუნე ტალის (დილა, 14 მატჩი) და კანადელ ტრეი ფულერს (დილა, 13 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე პასი).
ცნობისათვის, თუ ვინმე თვლის, რომ ჩვენი კალიბრის საფეხბურთო ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე არაფერი ესაქმება, გეტყვით, რომ პოლონეთის, ყაზახეთის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, უელსის, სლოვენიის, ირლანდიის, ბულგარეთისა და სომხეთის პირველობიდან, რომელთა წარმომადგენლებთანაც გამარჯვების ამბიციები მუდამ გვაქვს, მოახლოებულ მუნდიალზე მინიმუმ ერთი წარმომადგენელი იქნება. კვიპროსის ჩემპიონატიდან კი მუნდიალისთვის სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში სულაც 10 ფეხბურთელია გამოძახებული.