გადაუხდელი ჯარიმის გამო - ემბოლო აშშ-ში არ შეუშვეს
ფრანგული „რენისა“ და შვეიცარიის ნაკრების ფორვარდი, ბრილ ემბოლო აშშ-ში არ შეუშვეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიის ნაკრები ლოს-ანჯელესში 29 წლის ფორვარდის გარეშე გაემგზავრა. ემბოლო რეისიდან იმის გამო მოხსნეს, რომ ამერიკულ სისტემა ESTA-ში (მოგზაურობის ავტორიზაცის ელექტრონული სისტემა) მისი სტატუსი „დამატებით შემოწმებაზე“ იყო გადაყვანილი.
როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ემბოლოს მიმართ არსებული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი აღმოჩნდა. 2018 წლის მაისში ემბოლომ ბაზელის ერთ-ერთ ღამის კლუბში იჩხუბა, სადაც უცნობ პირებს დაემუქრა, მისმა მეგობარმა კი ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს ცხვირი გაუტეხა. ამის გამო შვეიცარიულმა სასამართლომ ემბოლოს 135 000 ფრანკის გადახდა დააკისრა, წარუმატებელი აპელაციის შემდეგ კი განაჩენი ძალაში ამ წლის აპრილში შევიდა.
ამჟამად შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაცია ამერიკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს და პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს.
ცნობისთვის, ემბოლო კამერუნში დაიბადა და შვეიცარიაში გაიზარდა, ფეხბურთის თამაში კი „ბაზელის“ აკადემიაში დაიწყო. მას სხვადასხვა დროს „შალკეში“, „გლადბახში“ და „მონაკოში“ უთამაშია, 2025 წლიდან კი ემბოლო „რენის“ ღირსებას იცავს. შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში ემბოლოს დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 86 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 24 გოლია. აღსანიშნავია ისიც, რომ ემბოლოს ორ მუნდიალზე უთამაშია (2018 და 2022).
აქვე გეტყვით, რომ შვეიცარიის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე პირველ მატჩს 13 ივნისს, კატარის წინააღმდეგ გამართავს.