პირველ ნომრად ჩამოყალიბდა | პარდუბიცემ ხარატიშვილი ბათუმის დინამოსგან გამოისყიდა
პარდუბიცემ ლუკა ხარატიშვილთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების პუნქტი აამოქმედა და ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ფეხბურთელი ბათუმის დინამოსგან გამოისყიდა. ჩეხური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლუკა პარდუბიცეს სრულუფლებიანი მოთამაშე გახდა.
„ბედნიერი ვარ, რომ ახალ კონტრაქტზე შევთანხმდით და „პარდუბიცეში“ ვრჩები. თანაგუნდელებთან და კლუბის სხვა თანამშრომლებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ყველა ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, კლუბში არსებული გარემო კი ჩემზე ძალიან პროფესიონალურ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქ თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ“, — აღნიშნავს ხარატიშვილი.
„ლუკამ თავისი თამაშით აშკარად აჩვენა, რომ ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება გვსურდა. ის პარდუბიცეში გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მოვიდა და დროთა განმავლობაში გუნდის პირველ ნომრად ჩამოყალიბდა. გასულ სეზონში მან ლიგის თერთმეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათგან სამში კარი მშრალად შეინახა. მათ შორის მისი კარგი გამოსვლების წყალობითაც შევძელით პლეი-ოფის შუა ჯგუფში (ადგილებისთვის ბრძოლაში) გასვლა და სეზონის დასასრულის წყნარად გატარება'' - განაცხადა პარდუბიცეს სპორტულმა დირექტორმა ირჟი ბილეკმა.
ლუკამ სეზონის პირველ ნახევარში სასტარტოდან იაჰიმ სერაკი ამოაგდო. ზამთარში კონკურენტად ალეშ მანდოუსი მოუყვანეს, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ლუკამ კონკურენცია მასაც მოუგო და გუნდის პირველი მეკარე გახდა. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ კლუბი ლუკასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას ისურვებდა.