მაღალი ინტერესის ფონზე - კრაიოვამ მექვაბიშვილი 3 მილიონ ევროდ შეაფასა
რუმინული გამოცემა Digi Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა ანზორ მექვაბიშვილმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კრაიოვა დატოვოს. ქართველი ნახევარმცველის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი იზრდება.
წყაროს ცნობით, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ამ ეტაპზე კრაიოველთა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა. კლუბის ხელმძღვანელობა მის მიმართ ინტერესს ადასტურებს, თუმცა ფეხბურთელის იაფად დათმობას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, კრაიოვას მფლობელმა მიჰაი როტარუმ მექვაბიშვილის ტრანსფერისთვის კონკრეტული ფასიც დააწესა — 3 მილიონი ევრო.
მექვაბიშვილის მიმართ ინტერესი ახალი არ არის. ჯერ კიდევ მარტში რუმინული მედია იუწყებოდა, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაშს ყურადღებით აკვირდებოდნენ აეკის წარმომადგენლები.
ინტერესი ჩემპიონობის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. მას შემდეგ, რაც „უნივერსიტატეამ“ რუმინეთის თასის ფინალში კლუჟის „უნივერსიტატეა“ დაამარცხა და სეზონი ტიტულით დაასრულა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხეტაფეს სკაუტები მატჩს სწორედ ქართველი ნახევარმცველის სანახავად ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მექვაბიშვილი რუმინულ კლუბს 2024 წელს დინამო თბილისიდან შეუერთდა. ტრანსფერის ღირებულებამ 750 ათასი ევრო შეადგინა, ხოლო მოკლე დროში ქართველი ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა.