პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„ეს გიჟურად სახალისო იყო! ნუ მკითხავთ რატომ მივდივარ“ - პეპმა წასვლა დაადასტურა

ცოტა ხნის წინ, „მანჩესტერ სიტიმ“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას წასვლის შესახებ გამოაცხადა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანელმა ინგლისის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, ორშაბათს გავრცელდა. იტყობინებოდნენ, რომ გუარდიოლას „სიტიში“ ენცო მარესკა შეცვლიდა.

პეპმა წასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და ამაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა.

„როდესაც ჩამოვედი, ჩემი პირველი გასაუბრება ნოელ გალაჰერთან (ბრიტანელი მუსიკოსი, მომღერალი, როკ-ჯგუფ Oasis-ის გიტარისტი და „მან სიტის“ გულშემატკივარი) შედგა. იქიდან იმ ფიქრით გამოვედი: „კარგი... ნოელი აქ არის? მხიარულება გველის“. და რა მშვენიერი დრო გავატარეთ ერთად.

ნუ მკითხავთ წასვლის მიზეზებზე. მიზეზები არ არსებობს. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი, რომ დრო მოვიდა. მარადიული არაფერია, ასე რომ ყოფილიყო, აქ დავრჩებოდი. მარადიული დარჩება გრძნობები, ადამიანები, მოგონებები და ის სიყვარული, რომელიც ჩემი „მანჩესტერ სიტის“ მიმართ მაქვს. ეს ქალაქი შრომით, მძიმე შრომით არის აშენებული. ეს აგურების ფერზეც კი ჩანს. იმ ადამიანებზე, რომლებიც ადრე მოდიოდნენ და გვიანობამდე რჩებოდნენ. ქარხნები. პანკჰერტების ოჯახი. პროფკავშირები. მუსიკა. უბრალოდ ინდუსტრიული რევოლუცია და ის, თუ როგორ შეცვალა მან მსოფლიო. ვფიქრობ, მე ეს გავაცნობიერე და ჩემმა გუნდებმაც.

ჩვენ ვმუშაობდით. ჩვენ ვიტანჯებოდით. ჩვენ ვიბრძოდით. და ყველაფერს ჩვენებურად ვაკეთებდით. ჩვენებურად. მძიმე შრომა მრავალი ფორმით ვლინდება. მგზავრობა ბორნმუთში, როდესაც პრემიერ ლიგა წავაგეთ, და თქვენ იქ იყავით. მგზავრობა სტამბოლში (2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში), და თქვენ იქაც იყავით.

გახსოვთ ტერაქტი „მანჩესტერ არენაზე“ (აფეთქება მანჩესტერში 2017 წლის 22 მაისს, ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტის დასასრულს მოხდა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაშავდა), როდესაც ამ ქალაქმა მსოფლიოს აჩვენა, თუ რა არის ნამდვილი ძალა? არა რისხვა. არა შიში. უბრალოდ სიყვარული. საზოგადოება. ერთობა. გაერთიანებული ქალაქი.

გახსოვთ, როგორ დავკარგე დედა კორონავირუსის პანდემიის დროს და როგორ მიჭერდა მხარს ეს კლუბი რთულ პერიოდში. გულშემატკივრებო, პერსონალო, მანჩესტერის მაცხოვრებლებო, თქვენ მომეცით ძალა, როდესაც ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. კრის, ჩემო შვილებო, მთელო ჩემო ოჯახო, თქვენ გვერდით მედექით, როგორც ყოველთვის. ხალდუნ (ალ მუბარაქი - კლუბის ხელმძღვანელი), შენც გვერდით მედექი.

ფეხბურთელებს არ ავიწყდებათ - ყოველი წამი, ყოველი მომენტი, მე, ჩემი პერსონალი, ეს კლუბი, ყველაფერი. ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, თქვენთვის გავაკეთეთ. თქვენ კი უბრალოდ გამორჩეულები იყავით. თქვენ ეს ჯერ კიდევ არ იცით, მაგრამ დიდ მემკვიდრეობას ტოვებთ.

ქალბატონებო და ბატონებო, მადლობა ნდობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ წინ მიბიძგებდით. მადლობა ჩემ მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის.

ტონი უოლშმა (ადგილობრივი პოეტი) თავის დაუვიწყარ ლექსში თქვა: „ეს ადგილი“. მაპატიე, ტონი: ეს ჩემი ადგილია.

ნოელ... მე მართალი ვიყავი. ეს გიჟურად სახალისო იყო! ყველანი მიყვარხართ“,

- განაცხადა პეპმა.

გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 20 ტიტული მოიპოვა. „ქალაქელებმა“ 6-ჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერლიგა, 3-3-ჯერ - ინგლისის თასი და სუპერთასი, ხოლო 5-ჯერ - ინგლისის ლიგის თასი.

საერთაშორისო ასპარეზზე „სიტიმ“ გუარდიოლასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები