უკრაინას ახალი მწვრთნელი ჰყავს - ისტორიაში პირველად უცხოელი დაინიშნა
უკრაინის ნაკრებს, რომელიც ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე იქნება, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ სერგეი რებროვის შემცვლელად ანდრეა მალდერა დაამტკიცა. იტალიელმა სპეციალისტმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა - ის ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელი იქნება.
2016-2021 წლებში, როდესაც უკრაინის ნაკრებს ანდრეი შევჩენკო წვრთნიდა, ანდრეა მალდერა მისი თანაშემწე იყო. ასევე, მას სხვადასხვა დროს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად „მილანში“ და „ბრაიტონში“ უმუშავია, ბოლოს კი „მარსელში“ რობერტო დე ძერბის ასისტენტი იყო.
მალდერას გადაწყვეტილებით, სამწვრთნელო შტაბში შევა ნაკრების ორი ექსფეხბურთელი - ტარას სტეპანენკო და ვოლოდიმირ ეზერსკი. პირველ მატჩს ანდრეა მალდერას ხელმძღვანელობით უკრაინის ნაკრები 31 მაისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 7 ივლისს კი დანიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკრაინა, უნგრეთი და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან.