ლოჩოშვილის ავტოგოლი და გოლი - ნიურნბერგმა სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო, 34-ზე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ სტუმრად „ჰანოვერს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 3:3 ითამაშა.
სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, მასპინძლებისთვის ეს გადამწყვეტი შეხვედრა იყო, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ბუნდესლიგაში გადასავლელი პლეი-ოფის მატჩისთვის თამაშის უფლებას მოიპოვებდნენ, მაგრამ ერთი შეხედვით უმოტივაციოდ დარჩენილმა „ნიურნბერგმა“ „ჰანოვერს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მიზნის შესრულების უფლება არ მისცა.
რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, ქართველმა მცველმა მასპინძელთა მესამე გოლის ეპიზოდში, რის შედეგადაც „ჰანოვერი“ 3:2 დაწინაურდა, ავტოგოლი მიითვალა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე სწორედ ლოჩოშვილი იყო. სტუმართა საჯარიმოში შექმნილი ქაოსის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს თანაგუნდელის მიერ უმისამართოდ მოგერიებული ბურთი შემთხვევით მოხვდა და ბურთი საბოლოოდ „ნიურნბერგის“ კარში აღმოჩნდა.
მაგრამ რამდენიმე წუთში ლოჩოშვილმა თავისი გუნდი წაგებას გადაარჩინა. 83-ე წუთზე სტუმართა მორიგი შეტევის დროს ქართველმა მცველმა თავით მეკარეს აუღებელი დაურტყა და ანგარიში 3:3 გახადა.
საბოლოოდ, „ნიურნბერგმა“ სეზონი 46 ქულით მე-8 ადგილზე დაასრულა, ლუკა ლოჩოშვილმა კი მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 33 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო. ცნობილ სტატისტიკურ პორტალ Flashscore-ზე მისი სეზონი 7.0 ქულით შეფასდა.