მბაპე: არბელოა მე-4 ფორვარდად მიმიჩნევს | არბელოა: მსგავსი არაფერი მითქვამს
კილიან მბაპემ „რეალისა“ და „ოვიედოს“ მატჩის (2:0) შემდეგ ახსნა, თუ რატომ დაიწყო თამაში სათადარიგოთა სკამიდან და ალვარო არბელოას მისამართით აშკარად პროვოკაციული კომენტარი გააკეთა.
„მე 100%-ით ფორმაში ვარ. სასტარტოში არ მითამაშია იმიტომ, რომ მწვრთნელისთვის შემადგენლობაში მეოთხე თავდამსხმელი ვიყავი - მასტანტუონოს, ვინის და გონსალოს შემდეგ. ველოდი, რომ სასტარტოში ვიქნებოდი, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა და მას პატივი უნდა ვცეთ. არ ვბრაზობ.
არბელოასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. მწვრთნელის ფილოსოფია უნდა მივიღოთ და მე უკეთ უნდა ვიმუშაო, რათა შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლაში ვინის, გონსალოსა და მასტანტუონოს ვაჯობო.
მწვრთნელის პრესკონფერენციებს არ ვუყურებ. სახლში ფრანგული ტელევიზია მაქვს და არა ესპანური,“
– თქვა მბაპემ.
არბელოამ კილიან ეს სიტყვები უპასუხოდ არ დატოვა და აღნიშნა, რომ მას მსგავსი არაფერი უთქვამს.
„ძალიან ვისურვებდი, რომ ოთხი თავდამსხმელი მყავდეს. ოთხი თავდამსხმელი არ მყავს და მბაპესთვის მსგავსი არაფერი მითქვამს. შესაძლოა, მან არასწორად გამიგო. ისიც კი არ ვიცი, რა ვთქვა. არავითარ შემთხვევაში არ შემეძლო მისთვის მეთქვა, რომ ის მეოთხე თავდამსხმელია.
ცხადია, რომ ის ვერ ითამაშებს, თუ შემადგენლობაში არ დავაყენებ. მე მთავარი მწვრთნელი ვარ, მე ვწყვეტ ვინ ითამაშებს და ვინ არა. მატჩის წინ მასთან საუბარი მქონდა. არ ვიცი, როგორ შეეძლო ამის ინტერპრეტირება. მოთამაშეს, რომელიც ოთხი დღის წინ მატჩის განაცხადშიც კი არ იყო, დღეს პირველივე წუთებიდან არ უნდა დაეწყო. ეს არ არის ფინალი, არ არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.
გონსალომ წინა ჯერზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და კვირას გვაქვს თამაში, სადაც ის ძირითადი თავდამსხმელი იქნება. სულ ეს არის. პრობლემა არავისთან მაქვს. მე ვიღებ გადაწყვეტილებებს და მესმის, რომ ვინც არ თამაშობს, უკმაყოფილოა. შემიძლია გავიგო, რომ მბაპე უკმაყოფილოა უთამაშებლობით, მაგრამ ეს არის გარემოებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. არ მინდოდა გარისკვა და მისი სამ დღეში მოედანზე გამოყვანა. ეს იყო ყველაზე ლოგიკური და ბუნებრივი გადაწყვეტილება, საღი აზრი.
თუ გსურთ, მიქს-ზონის ჩანაწერი ჩამირთეთ და მერე განვიხილოთ. სანამ არ მოვისმენ, კონკრეტულად რა თქვა, თითოეულ ფრაზაზე კომენტარს არ გავაკეთებ,“
– განაცხადა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა.
როგორც ჩანს, „სამეფო კლუბში“ სიდა სამზარეულო ძალიან არეულია. ფლორენტინო პერესის სკანდალურმა პრესკონფერენციამ კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ცუდი საქმე გაუკეთა. ზაფხულში მადრიდელთა რიგებში დიდი წმენდაა მოსალოდნელი.
მადრიდულმა პუბლიკამ გუშინ, „ოვიედოსთან" შეხვედრაში, როცა ცვლილებაზე გარსიას ნაცვლად მოედანზე მბაპე შევიდა - ფრანგ ფეხბურთელს სტვენა დაუწყო.