ვიცოდი რომ ნიჭიერი იყო, მაგრამ ამის გამო გამაოცა | სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე
სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა ქართველი გარემარბი შეაქო და ხაზი მის სტაბილურობას გაუსვა.
ფილიპ მონტანიე: „ჩვენ ის ძალიან მოგვწონს როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი. ვთვლი, რომ ეს სამართლიანი ჯილდოა. იმედი მაქვს, მისთვის ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი კვირა იქნება. უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ამასთან ერთად და უპირველეს ყოვლისა, მას შრომის მიმართ გამორჩეული მენტალიტეტი აქვს. ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა მისი ამბავი. რა მაოცებს მასში ყველაზე მეტად? მისი სტაბილურობა მოედანზე. ვიცოდი, რომ ნიჭი ჰქონდა და თითქმის ყველაფრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ის უკიდურესად სტაბილური აღმოჩნდა და სწორედ ეს არის ყველაზე რთული. სხვათა შორის, ხშირად სწორედ ეს განასხვავებს უბრალოდ კარგ ფეხბურთელებს ძალიან კარგი ფეხბურთელებისგან.“
ზურიკო ლიგა 2-ის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გადაწყვეტილება საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 2025-26 წლების სეზონში დავითაშვილმა 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე, ნიცას პენალტიდან გაუტანა.