მექვაბიშვილის პირველი ტიტული რუმინეთში - ანზორმა პენალტი ზუსტად შეასრულა
ანზორ მექვაბიშვილმა „უნივერსიტატ კრაიოვას“ შემადგენლობაში პირველი ტიტული მოიპოვა. ქართველმა ნახევარმცველმა და მისმა თანაგუნდელებმა ქვეყნის თასის ფინალში „უნივერსიტატ კლუჟთან“ ნულოვანი ყაიმით დასრულებული მატჩის შემდეგ, მოწინააღმდეგე 11-მეტრიანების სერიაში 6:5 დაამარცხეს და ეს ტურნირი 5-წლიანი პაუზის შემდეგ მერვედ მოიგეს.
ბევრისთვის მოულოდნელად, „კრაიოვას“ პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპე კოელიომ 24 წლის ქართველი ნახევარმცველი თადარიგში დატოვა და შეხვედრაში მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე ჩართო და საკმაოდ მაღალ დონეზე გაისარჯა. მინდორზე გამოსვლიდან ძალიან მალე ანზორს გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა მეტოქე გუნდის მეკარემ მოიგერია. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც გუნდს დასჭირდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და 11-მეტრიანების სერიაში დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში „კრაიოვას“ ოქროს დუბლის შესრულების იდეალური შანსი აქვს - რუმინეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ანზორ მექვაბიშვილი და მისი თანაგუნდელები სატურნირო ცხრილს 46 ქულით ლიდერობენ და მეორე ადგილზე მყოფ „უნივერსიტატ კლუჟს“ 1 ქულით უსწრებენ.