პარი სენ-ჟერმენის ამბიციური გეგმები | პარიზელები ფედერიკო ვალვერდეს უმიზნებენ
„პარი სენ-ჟერმენის“ სატრანსფერო გეგმებზე უცხოური გამოცემები ბევრს წერენ. ბოლო პერიოდში პარიზელებს ხულიან ალვარესს უკავშირებდნენ, ახლა კი კიდევ ერთი ფეხბურთელის კანდიდატურა გაჟღერდა.
El Chiringuito-ს მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენის“ ყურადღების ცენტრში „რეალის“ ნახევარმცველი, ფედერიკო ვალვერდე მოექცა. ფრანგული კლუბის სტრატეგიული მრჩეველი, ლუიშ კამპუში, ურუგვაელი ფეხბურთელის გარემოცვას პირადად დაუკავშირდა და მათთან პოტენციური ტრანსფერი განიხილა.
„რეალის“ პოზიცია უცნობია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მადრიდელები გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას იოლად დათანხმდნენ. El Chiringuito-ს მიხედვით, ვალვერდეს ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 80-100 მილიონი ევრო იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, „რეალში“ ფეხბურთელებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ვალვერდეს ორელიენ ჩუამენისთან დაპირისპირება მოუვიდა და გუნდს ორი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. მას „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 120 მილიონი ევროა.