„იჯარით სხვა გუნდში გაუშვებენ“ - A Bola ქოჩორაშვილზე წერს
ლისაბონის „სპორტინგმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, მომდევნო სეზონისთვის გუნდის გაძლიერებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
ცნობილი პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, „ლომებმა“ „აფს“-ის საყრდენი ნახევარმცველის, პედრო ლიმას ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი და მომდევნო სეზონიდან 23 წლის ბრაზილიელი „სპორტინგის“ ღირსებას იცავს.
რას წერს გამოცემა:
„საყრდენ ზონაში ფეხბურთელის დამატების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ „სპორტინგს“ ამ პოზიციაზე დანაკლისი ექნება: მორტენ ჰიულმანდი უცხოური კლუბების რადარებზე მოხვდა, ჰიდემასა მორიტას კონტრაქტი ეწურება და იაპონელი პრემიერლიგაში გააგრძელებს კარიერას, ჟოაო სიმოეშს ოპერაცია ჩაუტარდა და ის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს, გიორგი ქოჩორაშვილმა კი მოლოდინები ვერ გაამართლა და მას გაანათხოვრებენ. ამის ფონზე გუნდში მარტო დანიელ ბრაგანცა რჩება“.
რაც შეეხება პედრო ლიმას, ის „პალმეირასის“ აღზრიდილია. მის სანაცვლოდ „სპორტინგი“ 3.5 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც მცირე პროცენტს ბრაზილიური კლუბიც მიიღებს. პედრო ლიმას ნორვიჩსა და ოსიეკში უთამაშია, აფს-ს კი 2025 წელს შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქოჩორაშვილის შესაძლო ტრანსფერზე სხვა პორტუგალიური გამოცემებიც წერდნენ. არსებული ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ თუ „ლევანტემ“ ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ქოჩორაშვილი ძველ კლუბში დაბრუნდება და მომდევნო სეზონს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გაატარებს.