რის გამო იჩხუბეს ვალვერდემ და ჩუამენიმ | თვეებია ცუდი ურთიერთობა აქვთ
„რეალის“ ფეხბურთელებს, ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენის, გასახდელში ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ურუგვაელს საავადმყოფოში წასვლა მოუწია. ესპანურ პრესაში მომხდარის განმაპირობებელ მიზეზებზე დაიწერა.
6 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვალვერდე და ჩუამენი ფიზიკურ დაპირისპირებასთან ძალიან ახლოს იყვნენ; მათ ერთმანეთს ხელი ჰკრეს და გასახდელში იკამათეს. 7 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, ვალვერდე ჩუამენის ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პრესას მან მიაწოდა.
AS-ის მიხედვით, ვალვერდე არ გაჩერებულა და ჩუამენის მუდმივად ადანაშაულებდა. ვარჯიშისას რამდენიმე ფეხბურთელმა ურუგვაელს უთხრა, ეს შეეწყვიტა, მაგრამ ფედემ მათი სიტყვები არ გაითვალისწინა. როდესაც ვარჯიში დასრულდა და ფეხბურთელები გასახდელში შევიდნენ, ვალვერდე იმავეს აკეთებდა. ჩუამენი მასთან მივიდა და მშვიდად უთხრა, გაჩერებულიყო.
ფედემ უარი თქვა და თანაგუნდელის დადანაშაულება გააგრძელა, რის გამოც ჩუამენიმ მას სახეში ძლიერად დაარტყა. ურუგვაელი დაეცა, თავი დაარტყა და ჭრილობა მიიღო. ვალვერდეს თავბრუ დაეხვა, თითქმის გონება დაკარგა და გასახდელიდან სავარძელ-ეტლით გაიყვანეს.
ვალვერდესა და ჩუამენის თვეებია, ცუდი ურთიერთობა აქვთ. ძირითადად იმიტომ, რომ ჩუამენის აზრით, ფედე „რეალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს, არასწორად და ცუდად ეპყრობოდა. მათი ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც „ქაირათთან“ მატჩის შემდეგ ურუგვაელმა თქვა, რომ მარჯვენა მცველად სათამაშოდ არ დაბადებულა.
„რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ორივე ფეხბურთელს ესაუბრა. უახლოეს საათებში ისინი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ. მადრიდელებმა შიდა მოკვლევა დაიწყეს და ორივე მოთამაშე გუნდს გაურკვეველი ვადით ჩამოაშორეს. სავარაუდოდ, მათ მძიმე სანქციებს დააკისრებენ.