6-მატჩიანი უიღბლო სერია დასრულდა - დინამო ბათუმმა გაგრას მოუგო
„დინამო ბათუმმა“ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა - მეთერთმეტე ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის მომზადებულმა ფეხბურთელებმა სტუმრად „გაგრა“ 2:1 დაამარცხეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს. სტუმართა რიგებში საუკეთესო მოლდოველი ლეგიონერი დმიტრი მანდრიჩენკო იყო, რომელმაც ჯერ ლუკა წულუკიძის, შემდეგ კი თორნიკე კირკიტაძის გადაცემა გოლად აქცია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მასპინძლებმა მოახერხეს, მატჩის ბოლოს ზურაბ ჭავჭანიძის ბურთი იყო.
„სამგურალმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო - გიორგი ონიანის შეგირდებმა იმერეთის დერბიში საკუთარ სტადიონზე „მეშახტე“ 3:1 დაამარცხეს. მასპინძლების რიგებში თითო ბურთი ირაკლი ჯანჯღავას, ველისოლის და კლაუდიო სებოლინიას ანგარიშზეა, რასაც სტუმრებმა ლაშა უგრეხელიძის გოლით უპასუხეს. წყალტუბოელებს კიდევ ერთი ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ლევან პაპავამ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.
ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეთერთმეტე ტური ხვალ დასრულდება - „დინამო“ - „სპაერის“ მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.