„მისთვის ფეხბურთი დისნეილენდივითაა“ | L'Equipe ხვიჩას ყოფილ მწვრთნელებს ესაუბრა
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელებს დაუკავშირდა და მათთან ინტერვიუ ჩაწერა. L’Equipe ლეონიდ სლუცკის, იური სიომინსა და ვლადიმირ ვაისს ესაუბრა და მათ ქართველი ფეხბურთელის პირველი ნაბიჯები გაიხსენეს.
იური სიომინი
„კვარას ისტორია მშვენიერია — ეს არის სწორი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებული კარიერის ამბავი. მისი ტრანსფერი ძალიან კარგად მახსოვს. ხვიჩას აგენტი დაჟინებით იმეორებდა, რომ კვარაცხელიას სახით საოცარი ტალანტი იზრდებოდა. საქართველოში ჩავედით და მის მატჩებს რამდენჯერმე ვუყურეთ. დრიბლინგის არაჩვეულებრივი უნარებით გამოირჩეოდა, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, გრძნობდა, მომდევნო შეტევა როგორ განვითარდებოდა. კვარაცხელია, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველა მწვრთნელისგან საუკეთესოს ითვისებს. რუბინი 2022 წელს დატოვა და საქართველოში დაბრუნდა, სადაც მის სანახავად სტადიონები ივსებოდა.“
ლეონიდ სლუცკი
„გასახდელი პირველს არასდროს დაუტოვებია. დამატებით სავარჯიშოებს ყოველთვის პოულობდა და დრიბლინგზე, დარტყმასა და ახალ ცრუმოძრაობებზე მუშაობდა. შეეძლო, 24/7-ზე ბურთთან ერთად ყოფილიყო. მისთვის ფეხბურთი დისნეილენდივითაა. მას თამაშისადმი უდიდესი სიყვარული აქვს. მისთვის ფული არაფერს ნიშნავს და სულერთია, ვარჯიშს ეხება საუბარი თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს.
ჩვენთან კვარაცხელია ბრწყინვალე იყო და ტექნიკურობის მხრივ ყველა სხვა ფეხბურთელზე მაღლა იდგა. ზოგადად, მოთამაშეებს მხოლოდ ერთ მხარეს შეუძლიათ დრიბლინგი, მაგრამ კვარაცხელიას ჰქონდა უნარი, განსხვავება ორივე ფლანგზე შეექმნა. როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს, შენი მოვალეობაა, განვითარებაში დაეხმარო, მისი ლიმიტები გაიგო და უბიძგო, ძლიერი მხარეები იდეალურად წარმოაჩინოს.
კვარაცხელიას შეეძლო, ერთ თამაშში სამი გოლი გაეტანა, მაგრამ ყოველთვის ლამაზი და ეფექტური მოძრაობის გაკეთება სურდა. მახსოვს, ვეუბნებოდი: „ხვიჩა, არაა აუცილებელი, გოლი ლამაზი იყოს, მთავარია, გაიტანო.“ ერთი ეპიზოდი მის ხასიათს ძალიან კარგად ასახავს. შეჯახების შემდეგ მინდორზე დაეცა და არ წამომდგარა. ვკითხე: „თუ ტრავმირებული ხარ, მითხარი და შეგცვლი.“ ამ სიტყვების გაგონებისთანავე წამოდგა და მითხრა: „არა, მზად ვარ.“
ვლადიმირ ვაისი
„დღესდღეობით ხვიჩა თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. ერთი-ერთზე, ორი-ორზე, თუნდაც სამი-სამზე სიტუაციებში მას ყველას მოტყუება შეუძლია. მასზე უკეთესი ფეხბურთელი არასდროს გამიწვრთნია... თუ ჩემს შვილს არ ჩავთვლით.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა აქვს. მისი გუნდი ნახევარფინალში „ბაიერნს“ ხვდება და ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.