ვის შეუძლია გადაწყვიტოს ნახევარფინალების ბედი | BBC-ის ტოპ 10-ში კვარა მეექვსეა
BBC-იმ დაასახელა ათი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირებების ბედი გადაწყვიტონ. ცნობილი სატელევიზიო არხის ტოპ 10-ში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი, რომელიც „ბაიერნს“ ხვდება, მეექვსე პოზიციას იკავებს.
„გასულ სეზონში, როდესაც უსმან დემბელემ ოქროს ბურთი მოიგო, მან ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. საგოლე მოქმედებების მხრივ (14), ეს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პარი სენ-ჟერმენის რეკორდია და დემბელემ თავის გუნდთან ერთად ტურნირი ტრიუმფალურად დაასრულა.
მიმდინარე გათამაშებაში ნახევარფინალურ ეტაპზე ვართ და ხვიჩა კვარაცხელიას დემბელეს რეკორდამდე მხოლოდ ერთი საგოლე მოქმედება აკლია — მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, რის წყალობითაც პარიზელები ტიტულის დაცვის გზას ადგანან.
ქართველი გარემარბი ისეთივე ეფექტურია, როგორიც მომაჯადოებელი. ჩამოწეული საფეხბურთო წინდებით მოთამაშე კვარაცხელია თავისი თითქოს ნელი, მაგრამ შეუჩერებელი დრიბლინგით მეტოქეებს არაფრად აგდებს და უკან დარჩენილი მცველები კვარას მიერ დანთებული ცეცხლით დამწვარ მინდვრის საფარს ებღაუჭებიან. კვარადონა მომაკვდინებელია და ბაიერნმა ეს ძალიან კარგად იცის“, — წერს BBC.
ავტორიტეტული სატელევიზიო არხის ტოპ 10 ასე გამოიყურება: 1) ჰარი კეინი, 2) ვიტინია, 3) ხულიან ალვარესი, 4) დავიდ რაია, 5) მაიკლ ოლისე, 6) ხვიჩა კვარაცხელია, 7) იოზუა კიმიხი, 8) აშრაფ ჰაკიმი, 9) ბუკაიო საკა, 10) მატეო რუგერი.