კარგი თამაში დაუფასდა - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საერთაშორისო სტატისტიკურმა პლატფორმამ SofaScore-მა ჯვაროსნების ნახევარმცველი 28-ე ტურის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე ლასკ-ს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ — 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, შეხვედრაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სწორედ კიტეიშვილი იყო.
გადამწყვეტ ეპიზოდში, 77-ე წუთზე, გიზი მამაგეიშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად ოთარმა აქცია. სწორედ მისი გოლით მოახერხა „შტურმმა“ ანგარიშის გათანაბრება.
კიტეიშვილმა მატჩში მაღალი შეფასება — 7.8 ქულა დაიმსახურა, გახდა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე და შესაბამისად, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
მიმდინარე სეზონი ქართველი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებით შედეგიანია — მის ანგარიშზე უკვე 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რაც მას ავსტრიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ მოთამაშედ და საუკეთესო ბომბარდირად აქცევს.