დინამოში პრობლემების აღმოსაფხვრელად მოვედი | ქეცბაიას პრესკონფერენცია
დინამო თბილისმა ახალი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია წარადგინა. 58 წლის გამოცდილი სპეციალისტი დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში მედიას ესაუბრა.

ზაზა დოლიძე (დინამოს გენერალური დირექტორი):
„მადლობა ყოფილ მწვრთნელს, ვლადიმერ კაკაშვილს, რომელმაც ათწლეულზე მეტი იმუშავა ჩვენს კლუბში. დღეისდღევანდელობით საუკეთესო ქართველი მწვრთნელი შევარჩიეთ დინამოსთვის. კლუბის პრეზიდენტის მხრიდან მთავარ მწვრთნელს სრული მხარდაჭერა აქვს რეფორმების გასატარებლად“.
თემურ ქეცბაია:
„დიდი მადლობა რომან ფიფიას, რომ საშუალება მომეცა ვიმუშავო დინამოში. 32 წლის შემდეგ დინამოში ვბრუნდები. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. აქ პრობლემების აღმოსაფხვრელად მოვედი. გავაკეთო ის რაც დინამოს შეეფერება. დინამო ყოველთვის იყო და იქნება პირველი ქართული კლუბი. ამ კლუბს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ პირველობისთვის იბრძოლოს. ყველაფერი ერთ დღეში ვერ მოხდება, დროა საჭირო რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეზბურთელია. მათ ჭირდებათ გვერდით გამოცდილი მოთამაშეები.
სამწუხაროა, რომ ქართული კლუბები ევროტურნირებზე ვერ ახერხებენ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. ამაზე ბევრი საფიქრალი და ბევრი სამუშაოა. ისეთი გუნდი უნდა გავაკეთოთ რომელიც ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს“.

პრიორიტეტების შესახებ:
„დინამო მერვე ადგილზეა და ეს არ არის სახარბიელო შედეგი. გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანაა საჭირო. სამწუხაროა რომ ასეთ ლამაზ სტადიონზე ვთამაშობთ და ტრიბუნები ცარიელია. გვინდა რომ სტადიონზე მაქსიმალურად მეტი გულშემატკივარი მოვიდეს. ტელევიზიიდან ფული არ შემოდის, გულშემატკივარი სტადიონზე არ მოდის. საიდან უნდა მოვიდეს ის თანხა, რომ მარტო ერთ კაცს არ მოუწიოს კლუბში ფულის ჩადება. ცარიელ ტრიბუნაზე თამაში ძალიან ძნელია, მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ხარ.
სხვა ქვეყნებში ჩვენზე უფრო დაბალი დონის ფეხბურთი მინახავს და გულშემატკივრით სავსე იყო სტადიონი“.

ოქრიაშვილის შესახებ:
„ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება რომლებიც მზად იქნებიან. ჩვენ ისეთი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებიც გუნდს დაეხმარებიან. ვინც გუნდში მოვა, ეს ჩემი თანხმობით მოხდება. მინდა ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ რომელთაც ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები.
სალაპარაკოდ ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ადვილი არ იქნება. გამოცდილი ფეხბურთელები გვჭირდება. დინამო არ არის იმ სიტუაციაში რაც ქომაგებს გვინდა. თვენახევარში გაიხსნება სატრანსფერო ფაბჯარა. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მათ გამოცდილი ფეხბურთეკები სჭირდებათ გვერდით“.
დინამოში დანიშვნის თაობაზე:
„ეს ყველაფერი ერთ დღეში არ გაკეთდება. ამიტომ გავაფორმე გრძელვადიანი, სამწლიანი კონტრაქტი. რომან ფიფიასთან მანამდეც მისაუბრია დინამოში მუშაობის შესახებ, მაგრამ ახლა პოზიტიური საუბარი იყო. იმედი მაქვს და მასაც აქვს იმედი რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ამ რთული სიტუაციიდან ამოვიდეთ. ამ სამ წელში იმედი მაქვს დინამო გახდება ის გუნდი რომელიც გაგვახარებს. მე არ ვიცი რა იქნება 1 ან 2 წლის შემდეგ, მაგრამ ვეცდებით ეს საქმე გავაკეთოთ. თუ არ გამოგვივა, მაშინ სხვა შეძლებს ამის გაკეთებას“.
თემურ ქეცბაია დინამოში 1987-92 წლებში თამაშობდა, მას შემდეგ მისი და დინამოს გზები არ გადაკვეთილა. ასე რომ, კლუბს 34-წლის შემდეგ მწვრთნელის ამპლუაში დაუბრუნდა.
დინამოში დანიშვნამდე ქეცბაია ბოლოს ანორთოსისს წვრთნიდა, გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა და თებერვლის დასაწყისში გუნდს დაემშვიდობა. 58 წლის მწვრთნელის კარიერის ყველაზე დიდი წარმატება სწორედ ანორთოსისს უკავშირდება, როცა მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა (2008-09 წლების სეზონი).