პატრის ევრა
Aa
Aa

ფოტოები აიღეთ, მოკრძალება გამოიჩინეთ | ევრამ ბარსას ქომაგებს შეუტია

პატრის ევრა, რომელიც მკვეთრი შეფასებებით ხშირად გამოირჩევა, ამჯერად თავს ბარსასა და მის ქომაგებს დაესხა. ფრანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კატალონიელები ატლეტიკოსთან ჩამორჩენას ვერ აღმოფხვრიან, ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშებიან. მან. იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელის სიტყვებს ესპანური გამოცემა Sport-ი ავრცელებს.

„მისმინეთ, ბარსელონას ქომაგებმა უნდა გაიღვიძონ და რეალობას თვალი გაუსწორონ. ყველგან ვხედავ პროფილის ფოტოებს წარწერით 'Remontada' (მატჩის შემოტრიალება). დროა მოკრძალება გამოიჩინოთ და ეს ფოტოები აიღოთ. ეს არ არის 2015 წლის ბარსელონა, ის გუნდი აღარ არსებობს. არაერთხელ ვნახეთ მათი ფსიქოლოგიური გატეხვა დიდ სცენებზე და, სიმართლე გითხრათ, მათ ამის (ორმატჩიანი დაპირისპირების შემოტრიალების) თავი აღარ აქვთ’’.

ევრას მიაჩნია, რომ დაცვაში არსებული პრობლემები ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ძვირად დაუჯდებათ:„ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მოსალოდნელია, რომ მორიგი წითელი ბარათი მიიღონ, ვიდრე მოიგონ. ბოლო დროს ეს ჩვევად ექცათ. სრულად ვენდობი დიეგო სიმეონეს და მის ბიჭებს, მეომრები არიან, კარგად მომზადებულები და მზად არიან, რომ ბარსა შეაჩერონ’’.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ბარსელონა შინ მადრიდის ატლეტიკოსთან 0:2 დამარცხდა. 44-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, მსაჯმა მოედნიდან პაუ კუბარსი გააძევა. 45-ე წუთზე ხულიან ალვარესმა ანგარიში გახსნა, 70-ე წუთზე ალექსანდრ სორლოტმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და საპასუხო მატჩის წინ დიეგო სიმეონეს გუნდს დიდი უპირატესობა შეუქმნა. ატლეტიკო - ბარსელონას საპასუხო შეხვედრა დღეს, 14 აპრილს 23:00 საათზე დაიწყება.

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ბარსელონა დამარცხდა, გულშემატკივრებმა დაიწყეს ძველი, 2017 წლის ლეგენდარული 6:1-ის (პსჟ-სთან შემოტრიალების) გახსენება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქომაგმა პროფილზე დააყენოს ერთი და იგივე ფოტო (ხშირად ეს არის მესის ცნობილი აღნიშვნა გულშემატკივრებთან ერთად ან უბრალოდ წარწერა Remontada (შემოტრიალება), რათა შეიქმნას „ერთობისა და რწმენის“ ატმოსფერო. ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი, აჩვენონ სამყაროს, რომ მათ ჯერ კიდევ სჯერათ სასწაულის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები