Aa
Aa

თორნიკე შენგელია - "ევროლიგის" მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე

„ევროლიგის“ ისტორიაში არცერთ გუნდს არ მოუგია ერთ თვეში 6 თამაში, სწორედ ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ მარტის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე შენგელია დასახელდა. აღნიშნულ პერიოდში თოკოს მეთაურობით „ბასკონიამ“ ექვსივე მატჩი მოიგო, ქართველი კი საუკეთესო იყო მარგი ქმედების კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებლით - 17. 

აღსანიშნავია, რომ ბასკებმა ყველა შეხვედრა 10+ ქულიანი სხვაობით მოიგეს და საშუალოდ მეტოქეებს 14.6 ქულით ამარცხებდნენ. 

მიუხედავად არასტაბილური ფიზიკური კონდიციებისა, თოკომ თავისი როლი იდეალურად შეასრულა და გადამწყვეტ მომენტებში გუნდს მრავალჯერ ულიდერა. 

მარტის დასაწყისში ბასკები 10 მოგებითა და 13 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფებოდნენ და საპლეიოფო ზონას ორი მოგებით ჩამორჩებოდნენ. 6 მატჩიანი წაუგებელი სერია „ბასკონიამ“ „მოსკოვის ხიმკისთან“ დაიწყო, სადაც თოკომ გუნდს 15 ქულითა და 15 მოხსნით ულიდერა და 24-ე ტურის საუკეთსო მოთამაშის ტიტულიც დაისაკუთრა. ერთი კვირის შემდეგ ბასკებმა ესპანურ დერბიში „ვალენსია“ დაამარცხეს, სადაც შენგელიამ 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა მოაგროვა. „ჟალგირისთან“ დაპირისპირება ქართველმა მძიმე ფორვარდმა გამოტოვა და „ვიტორიელებს“ 11 ქულით „ბროზესთან“ მატჩში დაუბრუნდა. 48 საათის შემდეგ კი „ბარსელონასთან“ 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ყველაფერი უშუალო კონკურენტთან - „თელ ავივის მაკაბისთან“ დაპირისპირებით დასრულდა, სადაც შენგელიამ 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა მიითვალა და სრულიად დამსახურებულად გახდა „ევროლიგის“ მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე.

თოკომ მარტში 10.8 ქულა, 6.6 მოხსნა და 2.8 გადაცემა დააგროვა. შენგელია ორქულიანი ზონიდან მეტოქე გუნდის კალათს 60 პროცენტით, ხოლო სამიანიდან 66.6 პროცენტით უტევდა. შენგელია ვიტორიელი გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშეა და დიდი როლი შეაქვს გუნდის წარმატებულ სვლაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები