საუკეთესო შედეგი | კვარაცხელიას სტატისტიკა პარი სენ-ჟერმენში
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ დაუპირისპირდა. ლუის ენრიკეს გუნდმა „პარკ დე პრენსზე“ ითამაშა და „წითლები“ 2:0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში დეზირე დუემ გახსნა, მეორე გოლი კი „კვარამ“ გაიტანა და ხვიჩა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეც იყო წარდგენილი, მაგრამ მესამე ადგილი დაიკავა და მანუელ ნოიერსა და დავიდ რაიას ჩამორჩა.
Opta-ს მიხედვით, მას შემდეგ, რაც კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა (2025 წლის იანვარი), მან ჩემპიონთა ლიგაზე 17 საგოლე მოქმედება მიითვალა (11 გოლი, 6 შედეგიანი გადაცემა). ეს ამ პერიოდში გუნდში საუკეთესო შედეგია და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მასზე უკეთესი სტატისტიკა „პარი სენ-ჟერმენის“ არც ერთ ფეხბურთელს აქვს.
ამასთან, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 შეხვედრაში „კვარამ“ 13 საგოლე მოქმედება მიითვალა (9 გოლი, 4 შედეგიანი გადაცემა). „ლივერპულთან“ მატჩში კი მას ოთხით მეტი დარტყმა ჰქონდა, ვიდრე მთლიანად „წითლებს“ (7:3).