რეკორდული ზარალი | ჩელსიმ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა
ლონდონის „ჩელსიმ“ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა და გასული კალენდარული წელი შეაჯამა. 2024/25 წლების სეზონში „არისტოკრატებმა“ პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავეს, კონფერენს ლიგა მოიგეს და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
„ჩელსის“ შემოსავალმა 490.9 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც „ლურჯების“ ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ თანხის დიდი ნაწილი პრემიერ ლიგის ტრანსლაციების გაყიდვებიდან მიღებულ თანხასა და საკლუბო მსოფლიოსა და კონფერენს ლიგის საპრიზო ფონდზე მოდის.
ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ 86.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ხოლო ფეხბურთელთა გაყიდვით მიღებული სარგებელი — 57.9 მილიონი. თითქმის ნახევარ მილიარდიანი შემოსავლის მიუხედავად, „ჩელსიმ“ 2024/25 წელი მაინც ზარალში დაასრულა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
მათი ოფიციალური განცხადებით, „არისტოკრატების“ ზარალმა (გადახადებამდე) 262.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ეს პრემიერ ლიგის კლუბისთვის ანტირეკორდია. 2023/24 წლების სეზონში „ჩელსი“ მოგებაზე გავიდა და 128.4 მილიონი იშოვა. აქამდე ანტირეკორდი „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნოდა — 2010/11 წლების სეზონში 197.5 მილიონის ოდენობის ზარალი ჰქონდათ.