ლუკა გადრანი
Aa
Aa

გადრანი: მომავალში უკეთეს თამაშებს ვიხილავთ... ისრაელში დაბრუნების არ მეშინია

საქართველოსა და ისრაელის ეროვნულმა ნაკრებებმა გუშინ (ხუთშაბათს) თბილისში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულეს. იერუსალიმის „ბეითარის“ მცველისთვის, ლუკა გადრანისთვის, ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო, რადგან ის საქართველოს ნაკრების რიგებში საკუთარი თანაგუნდელებისა და სხვა ისრაელელი ფეხბურთელების წინააღმდეგ წარსდგა.

მატჩის შემდეგ გადრანმა ისრაელის სპორტულ გამოცემა sport5-თან განვლილი შეხვედრა შეაფასა:

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ეროვნულ ნაკრებში ჩემი დებიუტით. შედეგით, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ. სახლში ვთამაშობდით და ფრე არ იყო ის შედეგი, რისი იმედიც მატჩის წინ გვქონდა, თუმცა ეს ამხანაგური შეხვედრაა და მომავალში უკეთეს თამაშებს ვიხილავთ.

რაც შეეხება ისრაელს, იქ დაბრუნების არ მეშინია, თუმცა, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ეს ვითარება დასრულდეს. ეს მხოლოდ ჩემთვის არ არის კარგი. იმედი მაქვს, ყველაფერი დაწყნარდება, ლიგა განახლდება და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენს გზას ვადგავართ, რაც იოლი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონობის მოსაპოვებლად.

ხვიჩა? ის საუკეთესო მოთამაშეა. ჩვენ ვხედავთ მის ხარისხს და იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია. ის ნამდვილად არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელი, არამედ საოცარი პიროვნებაა და ჩვენ ის გვიყვარს. ვის შეხვდა მისი მაისური? იორდან შუას“.

- განაცხადა გადრანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები (კვირას, 17:00) მეორე ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ლიეტუვასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები